სანიოლის პრესკონფერენცია : "პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ" » სპორტის ხაზი

სანიოლის პრესკონფერენცია : "პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ"

სანიოლის პრესკონფერენცია : "პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ"
9-10-2023, 15:01
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის მოახლოებულ თამაშებამდე პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

"ესპანეთთან ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი უნდა გვეცადა. პასუხისმგებლობის არ მეშინია და არც გავურბივარ. ნორვეგიასთან გამოჩნდა, რომ სამი მცველით უკეთ ვთამაშობთ. ამ მარცხებზე კი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

შემადგენლობის შერჩევისას უამრავ რამეს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ზივზივაძე კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში დროს იმსახურებს. ეს მნიშვნელოვანია, ნაკრებსა და კლუბში ყველა მოთამაშე ერთნაირად არ გამოდის.

გოჩოლეიშვილი და აბურჯანია ბოლო მატჩებში კარგად არ გამოიყურებოდნენ. ბევრი უნდა გააკეთონ თამაშის გასაუმჯობესებლად. იგივე მოხდა კვეკვესკირის შემთხვევაშიც. ჩვენ ფეხბურთელთა შერჩევისას ვითვალისწინებთ მათ ფიზიკურ მდგომარეობას, მენტალიტეტს და ბევრ სხვა ფაქტორს.

ერთა ლიგა არის ევრო 2024-ზე გასვლის შანსი. ახლანდელ შესარჩევში ძლიერი მეტოქეები გვყავს და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რატომ მოვიწვიე უთამაშებელი გელაშვილი? ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა და გვსურს, ეროვნულ ნაკრებშიც დავაკვირდეთ.

ვერ დავეთანხმები თქვენს შეფასებას, რომ ბოლო დროს ჩვენი გამოცდილი მცველები ცუდად თამაშობენ, რადგან თანამედროვე ფეხბურთში გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. თუ გოლი გადის, ეს მხოლოდ დაცვის ბრალი არაა. შესაძლოა, ეს იმ შეტევის ბრალია, რომელიც დაცვას არ ეხმარება."
– განაცხადა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში, ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდება. 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში კი, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი