ონანა ჩელსიში, მამარდაშვილი კი ინტერში - ახალი ცნობები გიორგიზე » სპორტის ხაზი

ონანა ჩელსიში, მამარდაშვილი კი ინტერში - ახალი ცნობები გიორგიზე

ონანა ჩელსიში, მამარდაშვილი კი ინტერში - ახალი ცნობები გიორგიზე
13-06-2023, 15:11
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილს მუდმივად ინგლისურ კლუბებს უკავშირებდნენ, თუმცა ქართველი მეკარის შესახებ დღეს სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა და ის იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ გრანდს, კერძოდ მილანის ინტერს დაუკავშირეს.

როგორც Tuttosport-მა დაწერა, ინტერი ანდრე ონანას 60 მილიონ ევროდ აფასებს და იმ შემთხვევაში თუ კლუბის ბოსები აფრიკელი მეკარისთვის ამდენივეს მიიღებენ, მაშინ ისინი ონანას უპრობლემოდ გაასხვისებენ, მის ჩამნაცვლებლად კი გიორგი მამარდაშვილს შეიძენენ.

აღსანიშნავია, რომ კამერუნელი მეკარით ლონდონის ჩელსია დაინტერესებული, რომელსაც ფინანსებთან პრობლემა რომ არ აქვს, ეს წინა სატრანსფერო ფანჯრის დროსაც გამოჩნდა, როცა მათ ერთობლივად ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე დაიმატეს.

თავის მხრივ, კიდევ ერთი დეტალის შესახებ დაწერა Corriere dello Sport-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინტერის მამარდაშვილისადმი ინტერესი რეალურია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ვალენსიამ ქართველი მეკარის ფასს საგრძნობლად არ მოუმატოს. ისიც სათქმელია, რომ ვალენსია ფინანსურ კრიზისშია და მათ სჭირდებათ, რომ მამარდა მაქსიმალურად ძვირად გაყიდონ, ინტერის გეგმებში კი დიდი ოდენობის თანხის გადახდა არ შედის.

მოკლედ, როგორც ჩანს, სიტუაცია არც ისე მარტივია, თუმცა ის ფაქტი, რომ ცნობილი იტალიური გამოცემები მამარდაშვილისა და ინტერის ურთიერთკავშირის შესახებ წერას აქტიურად იწყებენ, ეს რაღაცაზე ნამდვილად უნდა მიანიშნებდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი