საქართველოს ჯგუფი | რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონატზე? » სპორტის ხაზი

საქართველოს ჯგუფი | რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონატზე?

საქართველოს ჯგუფი | რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევს დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონატზე?
29-04-2023, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველო კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს.

დღევანდელი წილისყრის მიხედვით, ჩვენი გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ერთად მოხვდა, ჩვენ კი ამავე ნაკრებების შესახებ ცოტა ვრცლად გიამბობთ, რათა მათი სიძლიერე ადეკვატურად წარმოგიჩინოთ:

სლოვენია

ცხადია, ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი სლოვენიის ნაკრებია, რომელსაც თანამედროვე კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე, ლუკა დონჩიჩი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ დონჩიჩის სლოვენიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები აქამდე სულ სამჯერ აქვს: 2006, 2010 და 2014 წლებში, მათი საუკეთესო მაჩვენებელი კი მე-7 ადგილია.

რასაკვირველია, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამავე ნაკრების მიერ შესანიშნავად ჩატარებული 2017 წლის ევრობასკეტი, სადაც სლოვენიამ აბსოლუტურად ყველა შეხვედრა მოიგო და ტურნირის გამარჯვებულიც ისტორიაში პირველად დამსახურებულად გახდა.

ამ ეტაპზე სლოვენიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. საგულისხმოა, რომ მათთან საქართველოს ისტორიაში 3-ჯერ უთამაშია და სამივე შემთხვევაში გამარჯვება სლოვენიელებს დარჩათ.

კაბო ვერდე

საქართველოსა და კაბო ვერდეს ის საერთო აქვთ, რომ ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე პირველად ითამაშებს. სხვათაშორის, კაბო ვერდესთვის უნიკალური ფაქტი ისიცაა, რომ ის ტურნირზე ყველაზე პატარა ქვეყნის სტატუსით იასპარეზებს.

თუ კაბო ვერდეს ისტორიას ჩავხედავთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ 2007 წლის აფრიკის ჩემპიონატს, სადაც ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს (ეს მათი საუკეთესო შედეგია). საგულისხმოა, რომ კაბო ვერდეს მთავარი ვარსკვლავი და გამორჩეული წევრი მადრიდის რეალის კალათბურთელი ედი ტავარეშია (31 წლის), რომელთანაც გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში არაერთხელ უთამაშია.

წლევანდელი მონაცემების მიხედვით, კაბო ვერდე მსოფლიოს რეიტინგში 63-ე პოზიციას იკავებს, ჩვენ კი მათ წინააღმდეგ ისტორიაში არასდროს გვითამაშია და მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად შევხვდებით.

ვენესუელა

ჩვენი ჯგუფის ბოლო წევრი ვენესუელაა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო მაჩვენებელი შორეულ 1990 წელს დააფიქსირა, სადაც მან მე-11 ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სლოვენიამ 8 წლის წინ ფიბას AmeriCup-ის ფინალში არც მეტი არც ნაკლები არგენტინა დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა. გარდა ამისა, ამავე ტურნირში მათ როგორც ვერცხლის, ისე ბრინჯაოს მედლებიც აქვთ მოპოვებული. გარდა ამისა, მათ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე 3 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 5 ბრინჯაო აქვთ.

2023 წლის რეიტინგის მიხედვით, ვენესუელის ნაკრები მე-17 პოზიციაზეა. საგულისხმოა, რომ კაბო ვერდეს მსგავსად, საქართველო ამ ნაკრებსაც ისტორიაში პირველად შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი