საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, ნუკრი რევიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში თავადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ეროვნული გუნდისთვის, კვლავ აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საფეხბურთო დისკუსიებში.
Sportall-თან მიცემულ ერთ-ერთ ინრევიუში, მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
რევიშვილი მიიჩნევს, რომ კვარაცხელია უკვე დამკვიდრებული ლიდერია — არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გუნდურ გარემოშიც. მისი თქმით, თუ ხვიჩას კაპიტნის სამკლავური ერგება, ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც როგორც ფეხბურთელს, ისე მთელ ნაკრებს მისცემს დამატებით სტიმულს და სტრატეგიულ უპირატესობას.
"არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, გუნდში ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ კარგი იქნება, თუკი ხვიჩა კვარაცხელია ნაკრების კაპიტანი გახდება. ის ნამდვილი ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ხვიჩას თავდაჯერება და მოტივაცია ნამდვილად არ აკლია, თუმცა კაპიტნის როლი ამას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს.
მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ კაპიტანი არ გახდა, ხვიჩას ამაზე გული არ დაწყდება — ის არ არის ამ ხასიათის ადამიანი. კვარაცხელია ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი ქვეყანა მსოფლიოს უკეთესად გააცნოს და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ამას ჩვენ, ქართველებიც ვაღიარებთ და დავუფასებთ. ამ ყველაფერს ნაკრების გაძლიერებაც მოჰყვება,“ — ამბობს ნუკრი რევიშვილი.