შავი ლომი | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან" » სპორტის ხაზი

შავი ლომი | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"

შავი ლომი | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
გუშინ, 02:28
Aa Aa
გაზიარება:

სექტემბრის დასაწყისში ‘შავი ლომი’ იტალიურ ტურნეზე გაემგზავრება და ადგილობრივ ფრენჩაიზებთან - ‘ძებრესა’ და ‘ბენეტონთან’ ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

‘ძებრე’ და ‘ბენეტონი’, ირლანდიურ, უელსურ, შოტლანდიურ და სამხრეთ აფრიკულ კლუბებთან ერთად რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში თამაშობენ, რომელში მოხვედრაც ‘შავი ლომის’ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

‘ძებრესთან’ პარმაში

პირველი თამაში 6 სექტემბერს ‘ძებრესთან’ პარმაში, „სერჯიო ლანფრაკიზე“ გვექნება, რომელიც ამ გუნდის საშინაო არენაა და 5 ათას მაყურებელს იტევს. ‘ძებრეს’ წინამორბედი წვეული გუნდი 1973 წელს დაარსდა, 1997 წელს დაიშალა, 2012 წლის ივნისში კი უკვე იტალიის რაგბის ფედერაციის პატრონაჟით, პროფესიონალური ფრენჩაიზის სახით აღდგა და იმავე წელს რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში (იმხანად პრო12, მოგვიანებით პრო14) და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) ჩაერთო.

‘ძებრე’ იტალიის 4 რეგიონს აერთიანებს - ემილიო-რომანი, ლიგურია, ლომბარდია და პიემონტი, რომელიც რამდენიმე სარაგბო კლუბს და 10-ათასობით მოთამაშეს მოიცავს.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბოლო სეზონში ‘ძებრემ’ 18-იდან 5 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 29 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილი დაიკავა. 2012 წლიდან დღემდე, მან 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასზე, 10 სეზონი კი ჩელენჯ თასზე გაატარა, სადაც ორჯერ გადალახა ჯგუფური ეტაპი.

‘ბენეტონთან’ ტრევიზოში

12 სექტემბერს იტალიის პირველ ფრენჩაიზს, ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდ ‘ბენეტონს’ ტრევიზოში, „კომუნალე დი მონიგოზე“ ვერკინებით, რომელიც ასევე 5 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.

‘ბენეტონი’ 1932 წელს დაარსდა და თავდაპირველად იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა. 1995 წლიდან ის პროფესიონალურ გუნდად იქცა და 2010 წლამდე იტალიის ჩემპიონატში დომინირებდა. დაარსების დღიდან 2010 წლამდე გუნდმა 15-ჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული, საიდანაც 10 1997-2010 წლების პერიოდზე მოდის.

1995 წლიდან ‘ბენეტონი’ ჩემპიონთა თასში (იმჟამად ჰეინეკენის თასი) ჩაერთო, 2010 წლიდან კი იტალიის ჩემპიონატი დატოვა და მას შემდეგ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში გამოდის, სადაც ორჯერ დაიკავა მე-7 ადგილი. გასულ სეზონში გუნდმა 18-იდან 9 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა და 2 ქულა დააკლდა მეოთხედფინალში გასვლამდე. ჩემპიონთა თასის გასულ სეზონში ‘ბენეტონმა’ ჯგუფური ეტაპი გადალახა და მე-16-ედ ფინალში ‘კასტრთან’ 37:39 დამარცხდა.

ევროთასებზე, კერძოდ ჩელენჯ თასზე, ‘ბენეტონს’ საუკეთესო შედეგი 2022-23 და 2023-24 წლების სეზონებში ჰქონდა. ორივე შემთხვევაში მას ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ნახევარფინალში ჯერ ფრანგულ ‘ტულონთან’ (0:23), მერე კი ინგლისურ ‘გლოსთერთან’ (23:40) დამარცხდა.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი