პირველი ლიგის დიდი ფინალის მეორე მონაწილეს პატარძეულის ‘ვეფხვებისა’ და ‘წიქარას’ წინასწარი ფინალი არკვევდა. გარე კახელებმა ლიგის დებიუტანტს რეგულარული სეზონის ორივე შეხვედრა მოუგეს (35:28 და 27:23), ცხრილში ერთით მაღალი, მეორე ადგილი დაიკავეს და დებულებით ხსენებულ შეხვედრაში მასპინძლობის უფლებაც მოიპოვეს. პატარძეულის სარაგბო არენის დაზიანებული მინდვრის საფარის გამო, გარე კახელებს სეზონის დიდი ნაწილის საშინაო შეხვედრათა გამართვა რეგიონს მიღმა მოუხდათ. ამ მხრივ გამონაკლისი არც წინასწარი ფინალი გამოდგა, სადაც ‘ვეფხვებმა’ საშინაო არენად რუსთავის „ხარები არენა“ შეარჩიეს.
მატჩის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში განვლო. ‘ვეფხვების’ ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ და ‘წიქარას’ მგეზავმა გიორგი ასათიანმა შეხვედრის დებიუტში გატანილი ჯარიმები გაცვალეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ასათიანმა მატჩის განმავლობაში ყველა რეალიზაცია და კარში დასარტყამი ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. შუამარბ რატი პაპაშვილის გარდასახული ლელოთი დაწინაურებულ ‘ვეფხვებთან’ ‘წიქარამ’ ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე ფიჯელი შუამარბის ჯიუტასა ნავეს გარდასახული ლელოთი გაუთანაბრა - 10:10.
მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ‘წიქარამ’ ტემპს უმატა. ბექა სხულუხიას ბიჭებმა სწრაფად, დროულად გაშლილი ოვალით, მახვილგონივრული კომბინაციებითა და კარგად აკინძული ფაზებით მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს, რომელთა დიდ ნაწილთან გამკლავება ‘ვეფხვებმა’ ვერ მოახერხა.
მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ ჯიუტასა ნავემ, მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში მიჯრით გატანილი წყვილი ლელოთი „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. მატჩის დარჩენილ დროში კი დემორალიზებულ ‘ვეფხვებს’ ‘წიქარამ’ კიდევ 2 უპასუხო ლელო დაუდო. თავი მარქაფადან ჩართულებმა მხტომელმა გიორგი მანჯიკაშვილმა და ჰავბეკმა გიორგი კურტანიძემ გამოიჩინეს. ‘წიქარამ’ მეორე ტაიმში 34 უპასუხო ქულა აიღო და მატჩი დამაჯერებლად მოიგო - 44:10.
ლიგის დიდ ფინალში ‘წიქარას’ მეტოქე რეგულარული სეზონის გამარჯვებული და შესარჩევი ფინალის მომგები ‘გორი’ იქნება. აღსანიშნავია, რომ რეგულარული სეზონის ორივე შეხვედრაში ‘გორმა’ მეტოქე უშანსოდ დატოვა (55:21 და 51:7).
‘გორი’-‘წიქარას’ ფინალური შეხვედრა „ავჭალა არენაზე“ 31 მაისს გაიმართება და 17 საათზე დაიწყება. ფინალში გამარჯვებული გუნდი დიდი 10-ის საგზურს მოიპოვებს, ხელმოცარული კოლექტივი კი ელიტაში აღზევებას დიდი 10-ის ბოლოსწინა ადგილოსან სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება.
RUGBY.GE