ლიგა 1-ის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ბოლო დეკადის ტრადიცია არ შეცვლილა და ჩემპიონი ამჯერადაც პარი სენ-ჟერმენი გახდა, რომლის ჩემპიონობაშიც თავის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა.
ბოლო ტურში პარიზულმა კლუბმა ოსერთან იმარჯვა, სადაც ქართველმა 2 გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მატჩის შემდეგ კი კვარაზე ლუის ენრიკემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომლის ყიდვაც არაერთხელ ვცადეთ. ბოლო პერიოდში ინტელექტისა და თავმდაბლობის დონით ბოლომდე ჩვენიანი გახდა. გარდა იმისა, რომ შეტევაშია პროდუქტიული, ის დაცვაშიც საოცრად ირჯება. გოლების თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტის გატანას მოახერხებს.
- თქვა ლუჩომ.
კვარას პსჟ-ს სეზონში ორი მატჩი დარჩა და ორივე ფინალი. პირველი 25 მაისს შედგება (თასის ფინალი რეიმსთან), მეორე კი 31-ში (ლიგის ფინალი ინტერთან).