რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘არმიას’ 49:18 სძლია და ერთი კვირის თავზე ქუთაისის ‘აია’-სა და ‘ბათუმს’ შორის დამარცხებულ გუნდს წინასწარ ფინალში, ფინალის საგზურისთვის შეერკინება.
რუსთაველები ფლეი ოფში მეექვსე ადგილით გავიდნენ, თუმცა გადამწყვეტ ფაზას საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ და ჯერ მესამეადგილოსანი ‘არესი’ ქუთაისში დაამარცხეს 22:17, ახლა კი მეოთხეადგილოსან ‘არმიას’ მოუგეს გორის „ჭალის სტადიონზე“. ლიდერები - ‘აია’ და ‘ბათუმი’ ფინალის საგზურისთვის 27 აპრილს, ქუთაისში ითამაშებენ და დამარცხებული ‘ხარებს’ მეორე შანსისთვის საკუთარ მოედანზე 4 მაისს მიიღებს.
ნებისმიერ შემთხვევაში რუსთაველები crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონს კვარცხლბეკზე დაასრულებენ და ისტორიაში მეშვიდე მედალს მოიპოვებენ, თუმცა რა სინჯის იქნება ის, მათზეა დამოკიდებული. უძლიერესთა შორის დაბრუნებული ‘არმია’ კი რეგულარული სეზონის მსგავსად მე-4 ადგილს დასჯერდა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
არმიელებს ‘ხარები’ რეგულარული სეზონის ორივე მატჩში დამარცხებული ყავდა - რუსთავში 29:22, ხოლო ავჭალაში 42:20. ამჯერად მეტოქეს გორში უმასპინძლეს, სადაც მათ ორი კვირის წინ ‘ხვამლს’ სძლიეს. საწყისი წუთების შემდეგ რუსთაველები ინიციატივას დაეუფლნენ, მეტოქის შეცდომები გამოიყენეს და უპირატესობაც მეთოდურად გაზარდეს.
თამაში ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო და მერლს პიტერსს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ქონდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. ნომინალურმა მასპინძლებმა შეტევები გააგრძელეს, თუმცა მეტოქის ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილ ხაზთან ბურთი დაკარგეს და სწრაფი კონტრშეტევა მიიღეს, ფრთაზე რატუ საინივალატი გაიქცა და ფეხით ითამაშა, მაიკელი როკონდინონომ კი ლელო გაიტანა და სანდრო მარგიანმა გარდასახა. ‘არმიამ’ შეტევები გააგრძელა და ჯერ პიტერსმა, მერე კი მამუკა ნინიძემ ჯარიმებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.
28-ე წუთზე სანდრო სესიაშვილი სინბინით დაისაჯა, რიცხობრივი უპირატესობით ‘ხარებმა’ კარგად ისარგებლა, 22-ში მაღალ ტემპში შეუტია, მარგიანმა ბურთი ფრთაზე ფეხით გადაკიდა, საინივალატიმ მცველს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. მარგიანმა გარდასახვა ვერა, მაგრამ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა - 6:15.
მეორე ტაიმი ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო, ამჯერად სინბინით ფარნა გასვიანი დაისაჯა და რუსთაველებმა რიცხობრივ უპირატესობაში 10 ქულა მოიხვეჭეს. მარგიანმა მონაგარს კიდევ ერთი ჯარიმა შემატა, ხოლო 51-ე წუთზე სტუმრების უკანა ხაზმა ბურთი სწრაფად გაითამაშა, ანარე ტუიტაი ფეხით შეცურებულ ბურთს თავადვე მიყვა და თავისი წილი ლელო მიითვალა, მარგიანმა კი გარდასახა.
‘არმიამ’ გაიბრძოლა, შეტევა ფრთაზე გაშალა და საბა ილურიძემ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახვით სხვაობა 12 ქულამდე შეამცირა, რაზეც მარგიანმა შორეული ჯარიმით სწრაფადვე უპასუხა. 67-ე წუთზე მან თავის ნახევარზე გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
‘არმია’ გატყდა და თამაშის განახლებისთანავე ცოტნე უსენაშვილმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა. 72-ე წუთზე კობა ჯიმშელეიშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლული უკვე ‘ხარები’ დარჩა და არმიელთა მოლი კოლი ტამანიტოაკულას ლელოთი დასრულდა, თუმცა ბოლო სიტყვა კვლავ რუსთაველების იყო, ალექსი ზაზაძემ ‘ხარების’ მეექვსე ლელო გაიტანა, ცოტნე უსენაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 49:18 ‘ხარების’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მარგიანი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა.
ფოტო: ანო შენგელია
rugby.ge