რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისში ადგილობრივ ‘არესს’ 22:17 აჯობა და საჩემპიონო რბოლას აგრძელებს, ‘არესისთვის’ კი მიმდინარე სეზონი მედლების გარეშე დასრულდა.
ქუთაისურმა გუნდმა რეგულარული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და მეორე ადგილი მხოლოდ დასკვნით ტურში დაკარგა. საბოლოოდ ის ფლეი ოფში მესამე ადგილით გავიდა და მე-6 ადგილოსან ‘ხარებთან’ მოედნის უპირატესობა მიიღო. ‘არესს’ რუსთაველები ორჯერ ყავდა დამარცხებული (31:24, 26:15) და ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ გადამწყვეტ თამაშს ‘ხარები’ უკეთ მომზადებული შეხვდა.
„აია არენაზე“ სტუმრები საწყისი 25 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ და 17-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუსთაველებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და რამდენიმე სალელოვე შეტევა განახორციელეს. მართალია ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, მაგრამ მე-12 წუთზე ‘არესი’ გიორგი თევდორაძის სინბინით დაისაჯა და სანდრო მარგიანმაც გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა.
მე-17 წუთზე შეხვედრის პირველი ლელოც ვიხილეთ. კარგი შეტევის შემდეგ მარჯვენა ფრთაზე რატუ საინივალატიზე ბოჭვა გაცუდდა და მისი შემჩერებელი აღარავინ იყო, მარგიანს კი კარის წინიდან გარდასახვა არ გაჭირვებია. სანამ მასპინძლები გონს მოეგნენ ‘ხარებმა’ 24-ე წუთზე მოლით შეუტია, რომლის განზრახ ჩაქცევისთვის ‘არესი’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და გუნდის კაპიტანი ბექა ვარდანიძე 10 წუთიანი სინბინით დაისაჯა.
თამაში რომ განახლდა რუსთაველები ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას ორჯერ შეცდნენ და ქუთაისელებმა ორი ლელო გაიტანეს. 25-ე წუთზე მცველებმა ბურთზე ინერტულად ითამაშეს, ცოტნე კვესელავამ ის ჰაერიდან მურთაზ ცხადაძეს ჩამოუგდო და მან ლელო ძელებსშუა გაიტანა, 31-ეზე კი ‘არესის’ მოლი გოგა კობახიძის ლელოთი დასრულდა და კაცნაკლულმა მასპინძლებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს (თევდორაძემ 1 გარდასახა). ლელოს ეპიზოდში სინბინით უკვე სტუმრები (ირაკლი ლუარსაბიშვილი) დაისაჯნენ და ახლა ისინი დარჩნენ 14 კაცის ამარა.
შესვენებამდე კობახიძეს მოლის შემდეგ კიდევ ერთი ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ ლელოში შესულს ბურთი დაუვარდა - 12:17. მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არესი’ კიდევ ერთხელ შევიდა მეტოქის ლელოში, თუმცა დამიწება არ შედგა, 49-ე წუთზე კი რუსთაველთა შეტევა მესამე ლელოთი დასრულდა. მაიკელი როკონდინონომ ხაზი მეტოქის 22-ში გაჭრა და მიუხედავად იმისა, რომ წინასწორობა დაკარგა, ანარე ტუიტაის ოფლოუდი ამოუგდო, რომელმაც ლელომდე დაუბრკოლებლად ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო.
მასპინძლები მთელი ძალებით ცდილობდნენ თამაშში დაბრუნებას, მაგრამ სტუმართა დაცვა დიდი ხნის განმავლობაში კედელივით იდგა. რუსთაველების მდგომარეობა 73-ე წუთზე, ტუიტაის წითელი ბარათის გამო დამძიმდა, თუმცა ‘ხარებმა’ გაწითლებულ დრომდე ქულა არ გაუშვა და არსენ მაჩალაძის დაგვიანებულმა ლელომ მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 17:22.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველთა მესამეხაზელი ირაკლი ლუარსაბიშვილი გახდა. მისი ‘ხარები’ ფლეი ოფის მეორე ეტაპზე თბილისის ‘არმიას’, 26 ან 27 აპრილს ეთამაშება.