საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანტალიაში შეკრება დაასრულა, სადაც ორი ამხანაგური მატჩი გამართა – ფინეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა, ხოლო სერბეთს 3:1 სძლია.
სერბებთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გუნდის დამრიგებელმა, რამაზ სვანაძემ გააკეთა:
სერბეთის სახით ძალიან კარგ, ძალისმიერ გუნდს შევხვდით. მეორე ტაიმით კმაყოფილი არ ვარ, რადგან სასურველი ხარისხი არ გვქონდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ.
ამ მატჩებში ბევრი დადებითი მომენტი გამოჩნდა, ნაკლოვანებებიც დავინახეთ. მთავარია, ეს ყველაფერი შევაფასოთ, სწორად გავაანალიზოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ. ჩვენ 8-9-დღიანი სავარჯიშო პროცესით განებივრებულები არ ვართ, ოფიციალური შეხვედრების სპეციფიკა კი განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ბევრი ვიშრომეთ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
- თქვა რამაზ სვანაძემ.