რეგიონული ლიგა | ყველა ფავორიტმა დამაჯერებლად მოიგო » სპორტის ხაზი

რეგიონული ლიგა | ყველა ფავორიტმა დამაჯერებლად მოიგო

რეგიონული ლიგა | ყველა ფავორიტმა დამაჯერებლად მოიგო
24-03-2025, 10:09
Aa Aa
გაზიარება:

დასავლეთის ჯგუფში პირველობა 3-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. მე-2 წრის სადებიუტო ტურის შემდეგ ლიდერმა ‘ფენიქსმა’ მდევარ ‘ჯანთან’ 7-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა. მე-3 პოზიციაზე ‘ბაგრატმა’ აინაცვლა, რომელიც გურულებს 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო ‘აიეტსა’ და ‘ტორნადოს’ 1 ქულით უსწრებს. მორიგ ტურში ჩოხატაურში ‘ჯანი’ და ‘ფენიქსი’ შეიყრებიან და ჯგუფის გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება.

სამტრედიის ‘ფენიქსი’ ვანის ‘აიეტს’ ფოთის „პარკი არენაზე“ დაუხვდა. იმერულ დერბიში „მტრედები“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ვანელები პირველ ტაიმში ფულბეკ მირიან ბელთაძის გატანილი ეული ჯარიმის ამარა დატოვეს. საკუთრივ კი ლიდერმა 11 ლელო გაიტანა. ‘ფენიქსის’ წარმატებას სათავე ფრთა აკაკი კვიჟინაძის გატანილმა ლელომ დაუდო, ხოლო სამტრედიელთა მხტომელმა გოგა ახალაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

ზუგდიდში, ადგილობრივი რაგბის კლუბი ჩოხატაურის ‘ჯანთან’ მშრალი ანგარიშით მარცხს კვაჭ ნიკა ნარსიას გარდასახული ლელოთი გადაურჩა. მოედნის დამძიმებულ გრუნტზე გუნდებს სწრაფი და კომბინაციური თამაში უჭირდათ. ამის მიუხედავად, გურულებმა უქულოდ მყოფ აუტსაიდერს 7 ლელო დაუდეს. ‘ჯანის’ ფიჯელმა მარბიელმა პენი მაკამ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო საკუთარი გუნდის პრემიალური ქულით გამარჯვება ფრთა თემურ მორგოშიას გატანილმა ლელომ დააფიქსირა - 39:7.

„აია არენაზე“, ‘ბაგრატმა’ ცხრილში მეზობლად მყოფ ბათუმის ‘ტორნადოს’ უმასპინძლა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა, სადაც მეტოქეებმა 3-3 გარდაუსახავი ლელოს გატანა მოახერხეს. ფრთა ზურა წულუკიძის „დუბლით“ ბათუმელები ანგარიშში უპირატესობას დასკვნით წუთამდე ინარჩუნებდნენ. მასპინძელთა ბოლო იერიში ლელოთი მარქაფადან ჩართულმა მგეზავმა ბაქარ შვანგირაძემ დააგვირგვინა. ხელსაყრელი პოზიციიდან რიონისპირელთა შუამარბ თორნიკე იობიძეს გარდასახვა გაუცუდდა და მატჩიც ფრედ - 15:15 დასრულდა.

აღმოსავლეთის პირველი ჯგუფის სათავეში მარნეულის ’არმაზი’ რჩება. ქვემო ქართლელებმა 49 ქულა დააგროვეს და მდევარ ‘ქვემო ქართლს’ 6 ქულით აღემატებიან, თუმცა გარდაბნელებს მარაგში თსუ-სთან გადადებული შეხვედრა რჩებათ, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. სტუდენტები ‘ქვემო ქართლს’ 8 ქულით ჩამორჩებიან და ამერის პლეი ოფში მოხვედრის მიზერულ შანსს ინარჩუნებენ.

თსუ-მ დარჩენილი 2-ივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო გარდაბნელებმა ორივე მატჩი მარცხით უნდა დაასრულონ. უშუალო მეტოქესთან წაგების შემთხვევაშიც კი რთულად წარმოსადგენია, რომ ‘ქვემო ქართლმა’ დასკვნით ტურში ‘ბორჯომის’ ძლევა ვერ მოახერხოს. ჯგუფის ლიდერი ‘არმაზი’ კი რეგულარულ სეზონს ‘სოხუმთან’ შეხვედრით დაასრულებს.

აღმოსავლეთის პირველ ჯგუფის ბოლოსწინა ტურს ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზი’-თსუ-ს გადადებული შეხვედრა უსწრებდა. მართალია, სტუდენტები ფავორიტ ქვემო ქართლელებს კარგა ხნის მანძილზე მედგრად ებრძოდნენ, თუმცა მასპინძლები თსუ-ს ხშირი შეცდომებით კარგად სარგებლობდნენ და მეტოქეს მთლიანობაში 2-ჯერ მეტი, 8 ლელო გაუტანეს. ‘არმაზის’ ჰავბეკმა ნიკა კოზანაშვილმა და ფიჯელმა შუამარბმა საკარაი კილაიმ „დუბლი“ გაიფორმეს. სტუდენტთა მხრიდან წყვილი ლელოს გატანა ფიჯელმა ფულბეკმა დამუ პენიასმა მოახერხა, ვინაც 3 გარდასახვაც გამოიყენა. ‘არმაზმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 55:29.

‘არმაზი’ მორიგ შეხვედრაში ‘ბორჯომს’ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე დაუპირისპირდა. ქვემო ქართლელები მოედანზე სრულად დომინირებდნენ და აუტსაიდერთა რიგებში მყოფი თორელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხს შუამარბ სანდრო ქავთარაძის გატანილი ლელოთი გადაურჩნენ. ‘არმაზმა’ საკუთრივ 13 ლელო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლელთა ერთბაშად 12-მა მორაგბემ მოახერხა ლელოს გატანა, რომელთა შორის ერთადერთი „დუბლის“ ავტორი მღლეტელი გიორგი თოდუა გახლდათ - 81:5.

ვაზისუბანში, ‘ივერიელი’-თსუ-ს შეხვედრაც მსგავსი სცენარით წარიმართა. სტუდენტებმა თავიანთი საგრძნობი უპირატესობა 11 დადებულ ლელოში ასახეს. სტუდენტთა წარმატებას საფუძველი მხტომელ ოთარ ფოჩხიძის გატანილმა ლელომ ჩაუყარა. თსუ-ს შუამარბმა ვატო ლობჟანიძემ კი „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა.’ივერიელმა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი პირველ ტაიმში შუამარბ თორნიკე ხურცილავას გარდასახული ლელოთი დააღწია - 65:7.

ჯგუფის აუტსაიდერი ‘ლაშარი’ ‘ქვემო ქართლს’ რუსთავში დაუხვდა. გარდაბნელებმა დიდი ჯაფის გარეშე მეტოქეს 19 უპასუხო ლელო გაუტანეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით და სამნიშნა ციფრით მოიგეს - 125:0. გარდაბნელთა ფრთა მიხეილ შუბითიძე 6 გატანილი ლელოთი მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქცა. ‘ქვემო ქართლის’ მთავარმა მწვრთნელმა ზურა ხორბალაძემ ახალგაზრდობა გაიხსენა, მორაგბის კვართი მეორე ტაიმში მოირგო და ‘ლაშარს’ ლელოც დაუდო.

აღმოსავლეთის მეორე ჯგუფიდან თელავის ‘ჭადარმა’ და ‘პატარძეულმა’ შიდა პლეი ოფი გაინაღდეს და ჯგუფის გამარჯვებულს დასკვნით ტურში კახური დერბი გაარკვევს. გარე კახელები თელაველებს 5 ქულით ჩამორჩებიან და პირველი ადგილის დასაკავებლად, საშინაო დაპირისპირებაში სულ მცირე 27 ქულის სხვაობით მოგება მართებთ. ‘ჭადარმა’ პირველობის ყველა, 9-ვე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო და ცხრილს სათავეში მაქსიმალური, 45 ქულით უდგას.

„კავკასიონი არენაზე“, ‘ჭადარმა’ ‘დევებს’ უმასპინძლა და ღია, გაშლილ თამაშში მეტოქეს 8-ით მეტი, 11 ლელო გაუტანა. თელაველები ფრთა თემო ლიქოკელის დადებული ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც მასპინძელთა მხტომელ ლუკა ყორიაულისა და შუამარბ გუგა ქავთარაშვილის შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა. მარქაფადან ჩართულმა მასპინძელთა მარბიელმა გიორგი რეხვიაშვილმა ასევე წყვილი ლელო გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც მისმა „დუბლმა“ დააფიქსირა - 65:17.

‘გარდასახვა’-‘პატარძეულის’ შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. გარე კახელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. ‘პატარძეულმა’ მასპინძლებზე მთლიანობაში 4-ით მეტი, 9 ლელო გაიტანა. სტუმართა ფრთა გიორგი უსტიაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, ხოლო გუნდის შუამარბმა კაპიტანმა ვანო გაბროშვილმა „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. ‘პატარძეულმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 53:25 და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების გარკვეული შანსიც შეინარჩუნა.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი