18 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა, რომელიც ბელგიაში დაიბადა და გაიზარდა, ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "უნიონ სენ-ჟილთან“ გააფორმა თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, რომელიც 2028 წლამდე იმოქმედებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.
1,94 მეტრის სიმაღლის ყავლაშვილი გუნდის მეოთხე მეკარის პოზიციას დაიკავებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე 2 თვეა რეგულარულად ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად, სადაც მწვრთნელები მასში დიდ პოტენციალს ხედავენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
გიორგი ყავლაშვილის საფეხბურთო გზა ბელგიაში დაიწყო — მისი პირველი გუნდი „ანტვერპენი“ იყო, შემდეგ „ვესტერლოს“ ასაკობრივ გუნდებში ირიცხებოდა, ხოლო 2024 წლიდან „უნიონ სენტ ჟილუაზის“ აკადემიაში გადავიდა. მან ასევე მოასწრო თამაში საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებებში, სადაც დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა ავსტრიისა და ლიეტუვას წინააღმდეგ.
ამჟამად "უნიონ სენ-ჟილი" ბელგიის მთავარ ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფება, თუ,ცა 2022-23 წლების სეზონში კლუბი ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლევერკუზენის "ბაიერთან" დამარცხდა.
"სენ-ჟილი" სისტემატურად ასპარეზობს ევროთასებზე, რაც გიორგი ყავლაშვილს პროგრესისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობას უქმნის.