ჭაბუკთა B ლიგა | ლელო და ხვამლი ჯგუფებში იდენტური შედეგით ლიდერობენ » სპორტის ხაზი

ჭაბუკთა B ლიგა | ლელო და ხვამლი ჯგუფებში იდენტური შედეგით ლიდერობენ

ჭაბუკთა B ლიგა | ლელო და ხვამლი ჯგუფებში იდენტური შედეგით ლიდერობენ
21-03-2025, 12:59
Aa Aa
გაზიარება:

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მე-7 ტურის შემდეგ პირველ ჯგუფს 34 ქულით სათავეში ‘ლელო’ უდგას. ჩემპიონმა პირველობის ყველა შეხვედრა მოიგო, მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხა პრემიალური ქულის მოპოვება და მდევარ ‘ბათუმს’ კვლავინდებურად 10 ქულით უსწრებს. აჭარლებს მარაგში ‘აკადემიასთან’ გადადებული საშინაო შეხვედრა რჩებათ.

მართალია, ‘აკადემიამ’ 14 ქულით ცხრილში მე-3 პოზიცია შეინარჩუნა, თუმცა მოწინავე კვარტეტში ანაცვლებული ‘ხარები’ „მხატვრებს’ სულ 1 ქულით ჩამორჩება. ‘ფოთმა’ 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზე ჩაინაცვლა. ‘წიქარა’ 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს და ელიტის მონაწილეთა შორის ერთადერთ მოუგებელ გუნდადაც რჩება.

ჯგუფის გამორჩეული შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბიში ბრინჯაოს მედალოსანი ‘აკადემია’ ჩემპიონ ‘ლელოს’ დაუხვდა. დიდ დიღმელები შუამარბ ლუკა ჯიქიძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ და 7 ქულიანი სხვაობა ტაიმის მიწურულამდე შეინარჩუნეს.

მეორე ტაიმის დებიუტში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს. ჩემპიონის მხტომელ გიორგი ჩუბინიძის ლელოს, „მხატვართა“ ბურჯმა საბა ეფრემიძემ საპასუხო ლელო შეაგება, რის შემდგომ სრულ უპირატესობას პირველობის ლიდერი ფლობდა, რაც ბექა ყორიაულის შეგირდთა გატანილ 2 უპასუხო ლელოში აისახა. თავი ჯერ მარბიელმა ლუკა ზარნაძემ გამოიჩინა, ხოლო კვაჭ ნიკოლოზ გაგიშვილის დადებულმა ლელომ ჩემპიონს გამარჯვება ბონუს-ქულით არგუნა - 29:10.

„პარკი არენამ“, ‘ფოთი’-‘ბათუმის’ ზღვისპირულ დერბის უმასპინძლა, რომლის დებიუტში კოლხები ფულბეკ ლაშა გოგოხიას გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ. შემდგომში სტუმრებს უპირატესობის მოპოვება არ გაჭირვებიათ. დაცვაში საიმედო თამაშს, ბათუმელები მწვავე იერიშებსაც კარგად უთავსებდნენ, დარჩენილ დროში ფოთელებს სამატჩო ქულები აღარ ააღებინეს, საკუთრივ კი 5 უპასუხო ლელო გაიტანეს.

ბათუმელთაგან პირველ ტაიმში ლელო ჰავბეკმა მათე ბოლქვაძემ, მღლეტელმა გორგილაძემ და ფრთა საბა ხუხუნაიშვილმა გაიტანეს. მეორე ნახევარში კი სტუმართა მონაგარი ბურჯების ლუკა ფარტენაძისა და მარქაფადან ჩართული ლაშა ართმელაძის დადებული ლელოებით გამდიდრდა. ‘ბათუმმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 29:3.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-წიქარას’ შეხვედრა ქვემო ქართლელთა სრული დომინაციით წარიმართა. მასპინძლებმა მეტოქეს ტაიმებში თითო ლელოს დადება დაანებეს, საკუთრივ კი 8 ლელოს გატანა მოახერხეს. ‘ხარების’ წარმატებას სათავე შუამარბ დემე გიორგაძის გატანილმა ლელომ დაუდო. შემდგომში გიორგაძის მსგავსად, მასპინძელთა ფრთა ნიკოლოზ კვერნაძემ და მხტომელმა ნიკა მუმლაძემ „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ხარებმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 46:12.

მე-2 ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობას ‘ხვამლი’ აგრძელებს. დიდ დიღმელთა მსგავსად, მუხიანელებმაც პირველობის 7-ივე შეხვედრა მოიგეს და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ განვლილ ტურში ვერ მოახერხეს. ‘ხვამლის’ აქტივში 34 ქულაა, რაც მე-2 ადგილზე მყოფ ‘აიას’ მონაგარს 11 ქულით აღემატება.

‘არმია’ 19 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება. მარნეულის ‘არმაზმა’ და ‘ლოკომოტივმა’ 10-10 ქულას მოუყარეს თავი, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე „რკინიგზელებმა“ მოწინავე კვარტეტში აინაცვლეს, ქვემო ქართლელებმა კი ბოლოსწინა ადგილზე ჩაინაცვლეს. ‘აია’-2 კი 4 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება.

ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ბორის აბაშიძის ბიჭები აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და მატჩის დებიუტში მუხიანელებს მოლით 2 ძალისმიერი გარდაუსახავი ლელო (მხტომელი რეზი რევაზიშვილი და კვაჭი გიორგი დევაძე) დაუდეს.

მატჩის დარჩენილმა ნაწილმა კი მუხიანელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. დათო ცხვედიანისა და რატი ურუშაძის ბიჭებმა მრავალფეროვანი შეტევებით ქვემო ქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილეს, მასპინძლები კი ერთადერთ ლელოს დააჯერეს. ‘ხვამლის’ მარბიელმა ლუკა წვერავამ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო კვაჭმა ლუკა გორგოძემ და ბურჯმა კაპიტანმა ლუკა ბარბაქაძემ თანაგუნდელთა მონაგარს თითო ლელო შემატეს. მუხიანელთა ფრთა გიორგი ირემაძემ კი 2 ზუსტ გარდასახვასთან ერთად, 3 ჯარიმაც გაიტანა. ‘ხვამლმა’ შეხვედრა 35:17 მოიგო.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე, ‘ლოკომოტივმა’ ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა. „რკინიგზელები“ მე-5 წუთზე მხტომელ ზუკა ბანცაძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. ‘აიამ’ ანგარიშში ტაიმის შუაწელს მხტომელ შოთა ზარანდიას გარდასახული ლელოთი გაათანაბრა. მეორე ტაიმმაც უშეღავათო ბრძოლაში განვლო, სადაც რიონისპირელთა შუამარბ ლუკა მუშკუდიანის გარდასახული ლელოთი გამარჯვება ‘აიას’ დარჩა, ‘ლოკომოტივი’ კი ნუგეშ-ქულას დაჯერდა - 14:7.

„აია არენაზე“, ‘აია’-2-ისა და ‘არმიას’ შეხვედრამ სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. მარბიელ ნიკოლოზ ფანცულაიას დადებული ლელოთი „არმიელები“ მატჩის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ და შემდგომში მონაგარს კიდევ 11 გატანილი ლელო შემატეს. ბურჯმა ერეკლე ჯანელიძემ, მღლეტელმა დავით ომიაძემ და შუამარბმა დათა ბურკაძემ „დუბლი“ შეასრულეს. რიონისპირელთა მეორე გუნდმა სამატჩო ქულების აღება მატჩის ბოლო წუთებზე მოახერხა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი ლელო ბურჯმა გია ბელთაძემ გაიტანა. ‘არმიამ’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 74:8.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი