"გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ" - სანიოლმა სომხეთისთვის სიახლეები დაანონსა » სპორტის ხაზი

"გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ" - სანიოლმა სომხეთისთვის სიახლეები დაანონსა

"გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ" - სანიოლმა სომხეთისთვის სიახლეები დაანონსა
გუშინ, 00:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას 20 მარტს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართავს.

ჩვენი გუნდი სომხეთის დედაქალაქში 19 მარტს ჩავიდა და თამაშის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში ნაკრების კაპიტანი იქნება. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

"ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.

ბოლო წლებში ძირითადად ერთი ტაქტიკით ვთამაშობდით, რამაც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანა, თუმცა ფეხბურთი წინ მიდის და მუდმივად ცვლილებებს მოითხოვს. ყოველთვის სიახლეა საჭირო. ასე რომ, უახლოეს მომავალში გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რთულია იგივე სტილით ითამაშო, რადგან განსაკუთრებული ფეხბურთელია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, ჩემთვის მთავარია როგორ გამოიყურება მთლიანი გუნდი. როგორ თამაშობს ბურთით და ბურთის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი და არა მოთამაშეთა სახელები. შესაძლოა, ოქტომბერსა და ნოემბერში გვაკლდა ჩვენი გუნდური სულისკვეთება და დისციპლინა, რაც ახლა უნდა გამოვასწოროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მატჩის სასტარტო წუთები იქნება, რადგან ბოლო მატჩებში სწორედ ამ პერიოდში არ ვიყავით სათანადო დონეზე.

ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებიდან მოყოლებული ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გასვლით მატჩებში განსაკუთრებულად იგრძნობა. მაგალითად ბულგარეთში, გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი გულშემატკივრები და ეს საოცარი მხარდაჭერა იყო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება უკეთ სათამაშოდ. ისინი ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ და იმსახურებენ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ და ისევ ისე ვიგრძნობთ მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ხშირად ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში".


- ამბობს ფრანგი სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი