საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩებს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 17 მარტს დაიწყებს. შეკრებამდე დაწყებამდე, ტრადიციული პრესკონფერენციის ფარგლებში, მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.
პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მასპინძელ სასტუმრო პარაგრაფ თბილისში შედგა.
"სომხეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან. B ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მჯერა, რომ სწორედ აქ არის ჩვენი ადგილი. ასე რომ, კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ეს. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან ახალი სეზონის კარგად დასაწყებად.
ბოლო ორი წელი ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან დატვირთული იყო. ბევრი მატჩის ჩატარება მოუწიათ და გადაღლილები იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, თუმცა ამისთვის მზად ვიყავით. ახლა, ზამთრის შესვენების შემდეგ, უკეთეს ფორმაში არიან და მარტში ბევრად უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ, ვიდრე ნოემბერში გვქონდა.
გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია პირველ მატჩში ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ჩვენთან ერთად იქნებიან და მეორე თამაშისთვის მოემზადებიან. გამოგვაკლდება გუნდის კაპიტანი და შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა ეს შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს. მაგალითად, გოგლიჩიძეს, რომელსაც ადრეც შეეძლო სასტარტოში თამაშის დაწყება, მაგრამ ტრავმა მიიღო. ველოდები მის თამაშს, რადგან ის, რაც ემპოლიში აჩვენა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
სომხეთთან პირველ მატჩში გუნდს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ.
ხვიჩა კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ.
ლაცაბიძე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, თუ შრომა გააგრძელა ის ამ ნაკრების მომავალი იქნება. თუ სამომავლოდ მისი გამოყენება მსურს, უფრო ხშირად უნდა ვნახო საქმეში. ივნისში ეს არ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს და სწორედ ამიტომ გამოვიძახე ახლა.
ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ნაკრებია, თუმცა ამ ზაფხულს, ივნისში, პრიორიტეტული ახალგაზრდული ნაკრები იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირებზე თამაში, რადგან იქ მიღებული გამოცდილება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული გუნდისთვის.
ჩვენი საოცარი გულშემატკივრების და მოტივირებული და ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ვერასდროს მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. ძალიან ვაფასებ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, როგორც საქართველოში, ისე გასვლით თამაშებზე".
საქართველო - სომხეთის პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 23 მარტს, თბილისში შედგება.