საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად სომხეთთან ორმატჩიან საპლეიოფო დაპირისპირებას გამართავს. პირველი მატჩი სტუმრად 20 მარტს შედგება, 23-ში კი მეტოქეს დინამო არენაზე დავუხვდებით.
აღნიშნული შეხვედრისთვის განაცხადი დაასახელა როგორც ვილი სანიოლმა, ისე სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ჯონ ვანტ სხიპმა. ამ უკანასკნელის თქმით, სომხეთის ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, სარგის ადამიანმა ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი განაცხადა.
სარგის ადამიანმა გარკვევით გვითხრა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი არ აქვს. შესაბამისად, ის იმ ფეხბურთელთა სიაშიც არ შეგვიყვანია, რომელთა გამოძახებაც მოგვიანებით უნდა განგვეხილა.
- თქვა სომეხთა დამრიგებელმა.
31 წლის სარგის ადამიანი ამპლუით ფორვარდი გახლავთ და კარიერის უდიდესი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული. ახლა ის რეგენსბურგის მოთამაშეა, იქამდე კი კიოლნსა და ჰოფენჰაიმში უთამაშია.
სხვათა შორის, სომხური მედია აღნიშნულ დუელს დიდად ოპტიმისტურად არ ხვდება. მათი თქმით, იმის გამო, რომ ჯონ ვანტ სხიპი ახალი დანიშნულია, გულშემატკივრებს მისგან დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ.