ბოლნისის სიონის დამრიგებელმა, გიორგი ჭელიძემ მედიასთან თქვა, რომ მისი გუნდი ეროვნული ლიგის საშინაო შეხვედრებს სეზონის სტარტზე მარნეულის სტადიონზე გამართავს.
მიუხედავად, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება გაგვიჭირდა, ჩემი აზრით, სეზონს მომზადებული ვხვდებით. გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც გვყავს და ახალგაზრდებიც, რომელთა ნაწილიც ქართული ფეხბურთის მომავალია. თუმცა, სასურველი იქნებოდა, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვეტოვებინა.
ეს ფინანსური პრობლემების გამო მოხდა. ამის გამო, ფაქტობრივად, ვერც შეკრება გავიარეთ და რამდენიმე მოთამაშის დამატებაც ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, გიორგი რეხვიაშვილი და გია მანჯგალაძე ჩვენთან ვარჯიშობდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნები ფინანსურად ვერ დავაკმაყოფილეთ.
„სიონის“ სულ მაღალი მიზანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რომელიც, ვფიქრობ, ეტაპობრივად მოგვარდება და გუნდი სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს. ეს რთული იქნება, რადგან ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდები გაძლიერდნენ და დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ შევეცდებით, ვიბრძოლოთ.
რაც შეეხება ბოლნისის სტადიონს – მოედნის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ საწყისი ოთხი ტურის შეხვედრას მარნეულში ჩავატარებთ. როგორც კი „თამაზ სტეფანიაზე“ საფარი მოწესრიგდება, შემდეგ მშბლიურ არენაზე დავუბრუნდებით.
- თქვა გიორგი ჭელიძემ.