ქართველმა მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა უკრაინასთან გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ ნაკრებმა მეტოქეს თითქმის ყველა თვალსაზრისით აჯობა.
უკრაინასთან ორი განსხვავებული ტაიმი იყო. რა თქმა უნდა, პირველი კარგად ვერ ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ კი მიქაუტაძის, დავითაშვილის, გოჩოლეიშვილის, წიტაიშვილისა და მექვაბიშვილის გამოსვლამ შეტევები გაამწვავა, სისწრაფეებმა მოიმატა და უფრო პროდუქტიულები გავხდით. ეს სტატისტიკაზეც აისახა – უკრაინელებს თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ. მომენტებსაც თუ გავიხსენებთ, კვარაცხელიამ ხარიხას მოარტყა, დავითაშვილსაც ჰქონდა ბურთის გატანის შანსი, შეიძლებოდა მოგვეგო. მეორე ტაიმი გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა და ვთვლი, რომ ეს ის ფეხბურთია, რომელიც მომავალში უნდა ვაჩვენოთ.
რაც შეეხება ჩეხეთთან 19 ნოემბრის მატჩს. შემთხვევით არაფერი ხდება – თუ ჩეხეთი თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ, ოლომოუცშიც შეგვიძლია იგივე თამაში შევთავაზოთ. მეტოქე საშინაო კედლებში მაქსიმალურად შეეცდება მოგებას და ეს შეიძლება ჩვენი პლუსიც იყოს.
- თქვა ბურდულმა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში 2-ჯერ შეხვდა და მეტოქეს ჩვენთან მოგება არ აქვს. პირველად მათ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გადავეყარეთ და ფრედ, 1:1 ვითამაშეთ, მეორედ კი მიმდინარე ერთა ლიგაზე შევხვდით, სადაც საქართველომ 4:1 იმარჯვა.