საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის 14 მოთამაშეს შეარჩევს. სწორედ მათგან, თამაშების წინა დღეს დაასახელებს მთავარი მწვრთნელი იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ოფიციალურ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს 21 და 24 ნოემბერს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები ელის. ჩვენი ნაკრები 3 დღის ინტერვალით ორივე მატჩს ფინეთთან გამართავს. ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 21 ნოემბერს ჰელსინკიში ითამაშებს, 24-ში კი ფინეთს თბილისში დაუპირისპირდება.
ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება არასრული შემადგენლობით – 11 ნოემბრიდან დაიწყო. 3 დღის განმავლობაში ალეკსანდარ ჯიკიჩი ნაკრებს დიღმის არენაზე ავარჯიშებს, ხოლო ფინეთში გამგზავრებამდე ბოლო 3 დღეს გუნდი თბილისი არენაზე მოემზადება. ეროვნული გუნდი ფინეთში 18 ნოემბერს გაემგზავრება და მზადებას ჰელსინკიში განაგრძობს, სადაც ნაკრებს ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდებიან.
პირდაპირ ფინეთში ჩავა ის ამერიკელი ლეგიონერიც, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს 21 ნოემბერს ფინეთთან მატჩში. ასეთი ორია – ჯო ტომასონი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უკვე 4 მატჩი აქვს ჩატარებული და ახალი ნატურალიზებული ამერიკელი, ესპანური ბასკონიას წევრი, კამარ ბოლდუინი.