საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
11 ნოემბერს, ჩვენი გუნდი საგურამოში შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.
შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოახლოებული მომდევნო მატჩებზე ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.
"ზუსტად ორი თვე გამიცდა და ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომერჩინა ტრავმა. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და მზად ვარ ნებისმიერ მომენტში დავეხმარო ნაკრებს.
მთავარია, მომდევნო მატჩებში შევინარჩუნოთ ის თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და სექტემბერში გვქონდა. იყო მცირე ჩავარდნა, იყო უიღბლობაც, თუმცა მთავარია, რომ დავიბრუნოთ ის, რაც აქამდე გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ძალიან კარგია ქვეყნისთვის, როდესაც ნაკრები არა მხოლოდ დედაქალაქში თამაშობს. განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ბათუმში ან ახლოს ცხოვრობს და შეძლებს თამაშზე მოსვლას. განსხვავებული ატმოსფერო იქნება, რაც აუცილებლად დაეხმარება ნაკრებს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს სურს"
- ამბობს მექვაბიშვილი ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურთან საუბრისას.