რეგიონული ლიგა | ფენიქსი და ქვემო ქართლი ლიდერებად დარჩნენ » სპორტის ხაზი

რეგიონული ლიგა | ფენიქსი და ქვემო ქართლი ლიდერებად დარჩნენ

რეგიონული ლიგა | ფენიქსი და ქვემო ქართლი ლიდერებად დარჩნენ
4-11-2024, 15:47
Aa Aa
გაზიარება:

დასავლეთში, 4 ტურის შემდეგ 19 ქულით ლიდერობას ‘ფენიქსი’ აგრძელებს. იმერლებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ბონუს-ქულის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხეს. ‘ჯანმა’ 13 ქულით მეორე ადგილზე აინაცვლა და მდევარ ‘ბაგრატს’ 3 ქულით უსწრებს. რიონისპირელებს ‘ტორნადო’ 1 ქულით ჩამორჩება. ‘აიეტი’ 6 ქულით ცხრილის ბოლოსწინა საფეხურს იკავებს. აუტსაიდერი ‘რაგბის კლუბი’ კი კვლავაც საცხრილო ქულის გარეშე იმყოფება. პირველი წრის დასკვნით ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას იმერული დერბი იწვევს. სამტრედიაში, ‘ფენიქსი’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ უმასპინძლებს.

დასავლეთში, მე-4 ტურს ‘ჯანი’-‘ბაგრატის’ უამინდობის გამო გადადებული შეხვედრა უსწრებდა. პირველ ნახევარში მეტოქეებმა თითო გარდაუსახავი ლელო მიითვალეს. მასპინძელთა მგეზავ მურმან ყურშუბაძის გატანილმა ჯარიმამ კი გურულებს ტაიმი 3 ქულის სხვაობით მოაგებინა. მეორე ნახევარმაც ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. ‘ბაგრატმა’ მონაგარს კიდევ 2 გარდაუსახავი ლელო შემატა, თუმცა რიონისპირელები სამატჩო ქულების გარეშე დარჩნენ. ‘ჯანის’ ფიჯელი მარბიელის პენი მაკას დადებული ლელო ყურშუბაძემ გარდასახა, რასაც გურულების 17 წლის ნიჭიერმა ჭაბუკმა მგეზავმა 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘ჯანმა’ პრინციპული შეხვედრა24:15 მოიგო.

მე-4 ტურის სადებიუტო შეხვედრაში ‘ჯანი’, ვანის ‘აიეტს’ „ბეჟან ხურციძეზე“ ესტუმრადა მართალია პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით დათმო, თუმცა შესვენების შემდეგ კარგად გაისარჯა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ‘ჯანის’ შუამარბებმა: მურმან ყურშუბაძემ და გიორგი ტრაპაიძემ, მღლეტელმა ლაშა მანთიძემ ვანელებს მიჯრით 3 ლელო დაუდეს. მატჩის მიწურულს მასპინძელთა მგეზავმა გიორგი აბრამიძემ თავისივე გატანილი ლელო გარდასახა, რამაც ‘აიეტს’ ნუგეშ-ქულა არგუნა. ‘ჯანმა’ შეხვედრა 27:20 მოიგო.

ტურის კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ‘ტორნადომ’ სამტრედიის ‘ფენიქსს’ უმასპინძლა. წარმატებული დებიუტის შემდეგ აჭარლები პოზიციებს მეთოდურად თმობენ. მატჩი ‘ფენიქსის’ სრული უპირატესობით წარიმართა და 3 უპასუხო გარდასახული ლელოთი (მარბიელი ლევან რატიანი, კვაჭი ბექა თათვიძე და ბურჯი გურამ ხუჭუა) იმერლებმა შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა ფულბეკ საბა გოლიაძის „დუბლით“ გაიმყარეს. ‘ფენიქსის’ მგეზავმა ბაკურ კუხალაშვილმა 5-ივე გარდასახვა გამოიყენა და ლიდერმა სეზონში „მშრალი“ ანგარიშით პირველი გამარჯვება მოიპოვა-35:0.

ქუთაისში, ‘ბაგრატს’ აუტსაიდერ ზუგდიდის რაგბის კლუბთან პრობლემები არ შექმნია. რიონისპირელებმა მეგრელებს 4 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი დაგეგმილი ბონუს-ქულით მოიგეს. ტექნიკური ლელოსთან ერთად, თავი ფრთა ამიკო გიგაშვილმა, მარბიელმა სანდრო ქობულაძემ და ფულბეკმა საბა კიკვიძემ გამოიჩინეს. ზუგდიდი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველი ტაიმის მიწურულს შუამარბ გოგა ნაჭყებიას გატანილი ეული ჯარიმით გადაურჩა-22:3.

აღმოსავლეთში კი მე-4 ტურის მატჩები მხოლოდ პირველ ჯგუფში გაიმართა, სადაც კენტ მონაწილეთა გამო, გუნდებს არათანაბარი ოდენობის შეხვედრები აქვთ ჩატარებული. ჯგუფს 13 ქულით დაუმარცხებლად მყოფი ‘ქვემო ქართლი’ ლიდერობს, რომელიც მდევრებს: ‘არმაზსა’ და თსუ-ს 3 ქულით უსწრებს (სტუდენტებს 1 თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული). მოწინავე კვარტეტში 9 ქულით ‘სოხუმმა’ აინაცვლა. ‘ივერიელი’ კი 8 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა, რომელიც ‘ლაშარს’ 1 ქულით უსწრებს.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა, სადაც პირველობის დებიუტანტები და ლიდერები: გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ და თსუ შეიყარნენ.პირველ ნახევარში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის ნომინალური მასპინძელი ქვემო ქართლელები მგეზავ უშანგი მჭედლიშვილის არეკნსა და 2 გატანილ ჯარიმას დაჯერდნენ. სტუდენტები კი 2 დადებული ლელოთი და ამავე ოდენობის გატანილი ჯარიმით შესვენებაზე 9 ქულიანი სხვაობით წავიდნენ.

თანაბარი ბრძოლა მეორე ტაიმის შუაწელამდე გაგრძელდა, რის შემდგომ სტუდენტებს დაღლა დაეტყოთ. აღნიშნული გარემოებით კარგად ისარგებლეს ზურა ხორბალაძის ბიჭებმა და მიჯრით 4 ლელოს გატანა მოახერხეს. გარდაბნელთაგან ლელო ფრთა ირაკლი ტაბატაძის, კვაჭ შოთა მაღლაკელიძის და ფრთის კიდევ ერთი მოთამაშის მიშო შუბითიძის ანგარიშზეა. შეხვედრის დასკვნით მონაკვეთში მიშო შუბითიძის შესრულებულმა „დუბლმა“ სტუდენტები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ქვემო ქართლმა’ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა-38:26.

ვაზისუბნის სარაგბო არენაზე, მარნეულის ‘არმაზისა’ და ‘ივერიელის’ შეხვედრამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაიარა. ქვემო ქართლელებმა თავიანთი განუზომელი უპირატესობა 19 დადებულ უპასუხო ლელოში ასახეს და სამნიშნა ციფრით, „მშრალი“ ანგარიშით125:0 იმარჯვეს. ‘არმაზის’ ფულბეკი საბა ღვინიანიძე შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ მატჩის ყველაზე შედეგიანი და თან გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ დავით კიკნაძის ბიჭებმა სეზონში პრემიალური ქულით მოგება პირველად მოახერხეს.

‘ლოკომოტივის’ ბაზამ ‘სოხუმი’-‘ლაშარის’ შეხვედრასაც უმასპინძლა, რომელიც ქულა-ქულაში წარიმართა და მისი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის დებიუტში ‘სოხუმი’ მარბიელ ლაშა გაბრიჩიძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ ‘ლაშარი’ დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, პრაგმატულად ირჯებოდა. ფულბექ ბექა ფირანიშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას, მგეზავ სანდრო ანდიაშვილის ზუსტად შესრულებული ჯარიმაც დაერთო, რამაც ‘ლაშარს’ 2 ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. ბოლო წუთებმა სოხუმელთა იერიშებში ჩაიარა და შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ფულბეკ დავით სამსონიძის გატანილმა ჯარიმამ ‘სოხუმს’ რთული გამარჯვება არგუნა - 10:9.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი