დიდი 10 | ხვამლის გამარჯვება ყაზბეგთან 12 ქულით » სპორტის ხაზი

დიდი 10 | ხვამლის გამარჯვება ყაზბეგთან 12 ქულით

დიდი 10 | ხვამლის გამარჯვება ყაზბეგთან 12 ქულით
3-11-2024, 11:17
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის ‘ხვამლმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგის’ წინააღმდეგობა დასკვნით 10 წუთში გატეხა, დაძაბულ ბრძოლაში 38:26 გაიმარჯვა და ბონუს-ქულაც მოიპოვა.

შედეგად, მუხიანელებს 16 საცხრილო ქულა დაუგროვდათ და მე-9-ედან მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. ‘ყაზბეგმა’ გაწითლებულ დროზე გაშვებული ლელოთი ნუგეშ-ქულაც დაკარგა და 13 ქულით მე-8 ადგილზე დაეშვა.

crocobet დიდი 10-ის მე-7 ტურის შეხვედრას „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა და მას ამერიკელი ლუკ როგანი მსაჯობდა, რომელიც საქართველოში გაცვლით პროგრამით ჩამოვიდა. სტუმრები დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

‘ყაზბეგი’ დავით იმნაძის ჯარიმით დაწინაურდა. ‘ხვამლმა’ თამაშის განახლებისთანავე მოიპოვა ბურთი, კარის წინ 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ლაშა კაკაურიძემ ლელო ალამთან გაიტანა. სტუმრებმა მე-10 წუთზე უპასუხეს, ნიკა ბაგაშვილმა შერკინების შემდეგ პირველივე ფაზაში გაჭრა ხაზი და ლელო გაიტანა, ხოლო იმნაძემ რთული პოზიციიდან გარდასახვის შემდეგ, 22-ე წუთზე მონაგარი ჯარიმით გაზარდა - 5:13.

ნახევარი საათის თავზე ‘ხვამლმა’ კარგი თანმიმდევრული შეტევა განახორციელა, ყველა ფაზაში მოახერხა უპირატესობის ხაზის გადალახვა და მიხეილ თაყაიშვილის ლელოთი და ზურა ქობელაშვილის გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. შესვენების წინ მასპინძლები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ. ყვითელი ბარათი გიორგი კვაბზირიძემ მიიღო და იმნაძემ პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 12:16.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში გუნდების კვაჭებმა ლელოები გაცვალეს. 44-ე წუთზე კაცნაკლულმა მასპინძლებმა ძალიან კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და ლელო გიორგი ვარდოსანიძემ გაიტანა, რაზეც ‘ყაზბეგმა’ 49-ეზე მოლით და გელა მახარაშვილის ლელოთი უპასუხა (ორივე გარდასახვით). ‘ხვამლმა’ ტემპს უმატა, მორიგი მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და საბა კურტანიძემ ლელოთი მასპინძლები კვლავ დააწინაურა, ქობელაშვილმა კი გარდასახა.

ტაიმის შუაში იმნაძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ხშირი ჯარიმების ფონზე, 69-ე წუთზე გელა მახარაშვილი ყვითელი ბარათით დაისაჯა და ‘ხვამლმა’ კაცნაკლულ მეტოქესთან გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ორიოდე წუთში კურტანიძემ შერკინების შემდეგ 5-მეტრიანთან სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და მისი მეორე ლელო ქობელაშვილმა გარდასახა. ‘ყაზბეგმა’ მატჩის გადარჩენა სცადა, თუმცა გაწითლებულ დროზე ჯოელი მბალეილევუკამ თავისი 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა, ლელომდე ირბინა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 38:26. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ვარდოსანიძე გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი