საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მეორე შეხვედრა გამართა. დუბლინში, ირლანდიასთან ჩატარებული მეორე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა. ევრო 2025-ის შესარჩევის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პლეი-ოფში თამაშის უფლების მოპოვებით ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ვიცოდით, რომ ირლანდიასთან დაპირისპირება ადვილი არ იქნებოდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარების ეტაპზე ვართ.
საშინაო შეხვედრაში 0:6 ძალიან მტკივნეული იყო. განსაკუთრებით, საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა მეორე მატჩში თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შეძლეს. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოთხოვნა, საკუთარი თავისგან უფრო მეტი მოეთხოვათ და მეტისთვის მიეღწიათ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან მათ მოედანზე იბრძოლეს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და გოლის გატანა ვერ შევძელით. ეს ეტაპი დასრულდა, თუმცა ეს დასაწყისია. ძალიან სასიხარულო იყო დღეს ქართველი გულშემატკივრის ნახვა. მათ მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ. ეს ძალიან საამაყოა. ახლა შემდეგი ეტაპისთვის მზადებაზე უნდა გადავერთოთ".
nakrebi.ge