რაგბი ევროპის სუპერ თასის სამგზის გამარჯვებული ‘შავი ლომი’, 12 ოქტომბერს 2024 წლის გათამაშების დასკვნით მატჩში პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ „ავჭალაზე“ 18 საათზე დაუხვდება და დიდი ალბათობით თასს ზედიზედ მეოთხედ შემართავს.
ამისათვის ‘შავ ლომს’ 1 საცხრილო ქულაც ყოფნის, რომელსაც 7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვისაც მიიღებს, თუმცა მიზანი ტიტულის უდანაკარგოდ მოგებაა და ქართველ ქომაგსაც საინტერესო შეხვედრა ელის.
ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ტურნირის დასკვნითი და გადამწყვეტი შეხვედრისთვის გამოცდილი რაზმი შეარჩია. დამწყებთა შორის დაბრუნდნენ 9 ნომერი თენგიზ პერანიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება, ცენტრში თორნიკე კახოიძისა და დემე თაფლაძის გამოცდილ დუეტს ვიხილავთ, ფრთაზე კი პირველივე წუთებიდან გამოჩნდება სანდრო თოდუა. მეორე ფრთაზეა ‘შავი ლომისა’ და ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკა ტაბუცაძე, ფულბეკად კი ლუკა ცირეკიძეს ვიხილავთ.
წინა თამაშის შემდეგ სამი ცვლილებაა შერკინების სასტარტო შემადგენლობაშიც. პირველ ხაზში თამაშს ბაჩუკი ჭუმბაძე იწყებს, კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა დავით აბდუშელიშვილმა კი ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს. მეორე ხაზში დემურ ეფრემიძეს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვიილდება, ხოლო მესამე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ვიხილავთ. ლუკა ივანივილმა და გიორგი სინაურიძემ ადგილი შეინარჩუნეს.
პირველი ხაზის მარქაფაში გამოცდილი მორაგბეები არიან – შალვა მამუკაშვილი, ვასილ კაკოვინი და ნიკოლოზ ხატიაშვილი. მეორე ხაზში შეცვლაზეა გუგა ღანიაშვილი, ხოლო მესამეში გიორგი ნიკოლაძე. 9 ნომერი დავით ხუროშვილი მარქაფაში დაბრუნდა, ხაზს კი იოანე მეტრეველი და ამირან შვანგირაძე გააძლიერებენ.
შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ სამგუნდა ჯგუფში ჩატარებული 3 თამაშიდან 15 ქულით პირველ ადგილზეა, ‘ლუზიტანუშს’ ორი მატჩის შემდეგ 5, ხოლო ესპანურ ‘იბერიანსს’ 0 ქულა აქვს. წელს სუპერ თასის მფლობელი ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ხდება.