crocobet დიდი 10 | ლელომ ხვამლი 28:13 დაამარცხა » სპორტის ხაზი

crocobet დიდი 10 | ლელომ ხვამლი 28:13 დაამარცხა

crocobet დიდი 10 | ლელომ ხვამლი 28:13 დაამარცხა
5-10-2024, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო სარასენსმა’ ‘ხვამლს’ 28:13 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დიდ დიღმელებს განვლილი სამივე შეხვედრა მცირე სხვაობით ჰქონდათ წაგებული და crocobet დიდი 10-ის მე-4 ტურს 3 ნუგეშ ქულით შეხვდნენ. ამჯერად მათი შემადგენლობა ‘შავი ლომის’ მორაგბეებით გაძლიერდა, რაც მყისიერად აისახა როგორც თამაშის ხარისხზე, ასევე მატჩის შედეგზე.

„ლელო არენაზე“ მისულმა მაყურებელმა სანახაობრივი რაგბი იხილა. ორივე გუნდი ხელდახელ ცდილობდა თამაშს და ფაზებს კარგად კინძავდა. თავდაპირველად ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ და პეტრე ხუციშვილმა კარის წინ 15 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გახსნა. მერე იოანე მეტრეველმა შეუტია დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ და მცველებთან ჭიდილში 15-18 მეტრი დაფარა, მაგრამ ცალი ხელით დამიწებამდე ბურთი წინ დაუვარდა.

‘ხვამლმა’ საპასუხო ჯარიმა მე-14 წუთზე გამოიმუშავა და ნიკა ცინცაძემ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ‘ლელო’ თამაშის განახლებისთანავე დაეუფლა ბურთს, ლელომდე ათიოდე მეტრი დააკლდა, თუმცა ჯარიმა მიიღო და ხუციშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო. ‘ხვამლს’ ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცა, მაგრამ ამჯერად ჯარიმა არაზუსტი იყო.

მერე თავი დისციპლინურმა პრობლემებმა იჩინა და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი სანდრო ქოიავამ მიიღო, თუმცა მალე ლელო მოედანზე რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა. 24-ე და 29-ე წუთებზე სინბინით მუხიანელთა ლეგიონერები – აარონ ბროუდი და ჯოჯი კუნავულა დაისაჯნენ და ამით მასპინძლებმა ისარგებლეს. ‘ლელომ’ დერეფნიდან მოლი ააგორა, რომელიც 30-ე წუთზე თენგიზ ზამთარაძის ლელოთი დასრულდა, ხუციშვილმა გარდასახა და ტაიმი 13:3 დასრულდა.

თამაში დიდ დიღმელთა კარგი შეტევით განახლდა, მათ თანმიმდევრულად წაიწიეს წინ და მარცხენა ფრთაზე ლელო აქტიურმა გაგა ქევხიშვილმა გაიტანა. ხუციშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ხვამლმა’ საპასუხო შეტევისას ჯარიმა გამოიმუშავა და მიუხედავად იმისა რომ სხვაობა დიდი იყო, პრაგმატულად 3 ქულა აიღო, თუმცა არც ხუციშვილმა დაახანა და 52-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხა.

დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, 66-ე წუთზე მოლი უკვე მათ ააგორეს და ბექა ნეფარიძემ საპასუხო ლელო მიითვალა, ხოლო ზურა ქობულაშვილმა გარდასახვით სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. ორიოდე წუთში ‘ხვამლი’ შეცდა, რითაც ‘ლელომ’ კარგად ისარგებლა, მარჯვენა ფრთაზე ბურთი ხელდახელ სწრაფად გაათამაშა და დავით ხუროშვილმა გუნდის მესამე ლელო გაიტანა.

დასკვნით წუთებში ‘ლელომ’ ბონუსის მოსაპოვებლად გაიწია და გაწითლებულ დროზე მეოთხე ლელოც გაიტანა, მაგრამ მანამდე წინ თამაში დაფიქსირდა და შეხვედრა 28:13 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი სპანდერაშვილი გახდა. ‘ლელოს’ 7 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე დაწინაურდა. ‘ხვამლი’ 10 ქულით ჯერჯერობით მე-4 პოზიციაზეა.

crocobet დიდი 10-ის მე-4 ტურში ხვალ ‘არმია’ ‘არესს’ „ავჭალაზე“ 15 საათზე უმასპინძლებს, ხოლო ‘ყოჩები’ ‘ბათუმს’ 17 საათზე „რაგბი პლატოზე“ დაუხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი