TOP 10 ფაქტი | 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი » სპორტის ხაზი

TOP 10 ფაქტი | 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი

TOP 10 ფაქტი | 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი
15-11-2022, 16:40
Aa Aa
გაზიარება:

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე არასაფეხბურთო ქვეყანაში, კერძოდ ყატარში გაიმართება, რასაც ცხადია, რომ არაერთი მომჩივანი გამოუჩნდა. მაგალითად, ერიკ კანტონა არის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში დიდი ფორუმის გამართვას საჯაროდ შეეწინააღმდეგა და FIFA-ს მესვეურები მწვავედ გააკრიტიკა.

გთავაზობთ TOP 10 გამორჩეულ ფაქტს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ:

10. მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში - იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი საკლუბო სეზონს ემთხვევა, წამყვანი ჩემპიონატები თამაშს შეწყვეტენ და იქ მოასპარეზე ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ამ რეალობით უკმაყოფილო არაერთი მწვრთნელია, მაგალითად იურგენ კლოპი, რომელმაც თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი არასწორ დროს არასწორი მიზეზების გამო ტარდება. მიუხედავად ამისა, ნათელი იყო, რომ ყატარი დიდი ფორუმის ზაფხულში ჩატარებას მათ ქვეყანაში არსებული საშუალო ტემპერატურის გამო ვერ მოახერხებდა, რომელიც 37 გრადუსია. რაც შეეხება ზამთარს, აქ ტემპერატურა საშუალოდ 20 გრადუსია და გარდა ამისა, ყველა სტადიონი კონდინციონერითა და გამაგრილებელი საშუალებებით იქნება მომარაგებული. საგულისხმოა ისიც, რომ 2030 წელს, დიდი შანსია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ ზამთარში ვიხილოთ, რადგან მის მასპინძლობაზე სურვილი საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და საბერძნეთმა გამოთქვეს.

9. ყველაზე ძვირი მსოფლიოს ჩემპიონატი - ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის 7 ბრენდული სტადიონი ააშენა და მასობრივად განაახლა ხალიფას საერთაშორისო სტადიონი, რომელიც 1976 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სტადიონი მინიმუმ 40 000 გულშემატკივარს იტევს, რასაც აეროპორტებისა და მეტროების მოწყობაც ერთვის თან. საბოლოო ჯამში, ყატარს ყველაფერი 138 მილიარდი ფუნტი დაუჯდა, რაც 10-ჯერ მეტია რუსეთში დახარჯული ფულისა, ხოლო 64-ჯერ მეტი სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით.

8. ყატარის მასპინძლობა - მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, იმ ქვეყნების გათვალისწინებით, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს, ყატარი ყველაზე პატარა ქვეყანაა და აშენებულ 8 სტადიონს შორის დაშორება მხოლოდ 90 მილია.

7. ალკოჰოლის მიღების წესები - ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, შეძლებს თუ არა ყატარში ალკოჰოლის მიღებას, რაზეც პასუხი ერთდროულად არის ჰო და არა. როგორც იცით, ყატარი ისლამური ქვეყანაა, სადაც ალკოჰოლის საჯაროდ მოხმარება ციხეში 6 თვით გაშვებით ისჯება. მიუხედავად ამისა, ყატარმა ალკოჰოლის მკაცრი წესები მსოფლიოს ჩემპიონატის დროს შეამსუბუქა და ყველა ადამიანი, ვინც 21 წელს აღემატება შეძლებს, რომ ალკოჰოლი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ადგილას შეიძინოს, თუმცა მისი სტადიონზე მოხმარება აკრძალული იქნება.

6. ფავორიტები - დიდი მსჯელობის შემდეგ, მსოფლიოს 2022 წლის მოგების მთავარ ფავორიტად ამავე ტურნირის ყველა დროის რეკორდსმენი ბრაზილიის ნაკრები მოიაზრება. გარდა ამისა, რასაკვირველია, ფავორიტებში შედის არგენტინის ნაკრები, რომელსაც 34 მატჩია არ წაუგია და მხოლოდ 3 შეხვედრა აკლია იტალიის ყველა დროის წაუგებელი რეკორდის მოსახსნელად. ასევე, სახსენებელია ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი, რომლებსაც პრობლემებთან გამკლავება უწევთ. ინგლისი და საფრანგეთი ერთა ლიგაზე კატასტროფულად გამოიყურებოდნენ, ხოლო ესპანეთის ნაკრებს კარგ ფორმაში მყოფი ნომინალური ფორვარდი აკლია.

5. ყატარის შანსები - ყატარი მსოფლიოს რეიტინგის 50-ე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ საუდის არაბეთი და განა ჩამორჩება. მიუხედავად ასეთი რეიტინგისა, აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებმა 2019 წელს იაპონია აზიის თასის ფინალში დაამარცხა და ამავე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ყატარის მთავარი მწვრთნელი ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავკაცი ფელიქს სანჩესია, ხოლო ამ გუნდის გამორჩეული წევრი აკრამ აფიფია, რომელიც ბარსელონას ამჟამინდელმა მწვრთნელმა ნამდვილ ტალანტად ალ-სადში მუშაობისას აქცია. აკრამ აფიფმა გასულ სეზონში, ყატარის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, რასაც 17 საგოლე გადაცემაც დაურთო.

4. დაბრუნება დიდი დროის შემდეგ - კანადის ნაკრები 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ყველაზე დიდ სანაკრებო ფორუმზე დაბრუნდა. კანადის ნაკრებს ნადმვილი ოქროს თაობა ჰყავს, სადაც ალფონსო დევისი, ჯონათან დევიდი, კარლ ლარენი და სხვები თამაშობენ. კანადის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრუნდება უელსის ნაკრებიც, რომელმაც ბოლოს მუნდიალზე 1958 წელს შვედეთში ითამაშა.

3. კორუფციული სკანდალი - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიფას გადაწყვეტილებას, რომ მუნდიალი ყატარში გამართულიყო დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საგულისხმოა, რომ 2010 წელს, ფიფას 16-მა წარმომადგენელმა 22-დან, რომლებმაც ხმა ყატარს მისცეს, უკვე ბრალდებულები და მხილებულები არიან კორუფციულ გარიგებებში.

2. ადამიანის უფლებები - გარდა კორუფციული სქემებისა, ყატარში ადამიანის უფლებებიც საშინლად ირღვევა. როგორც ცნობილია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სტადიონების მშენებლობის დროს, ყატარში 6500 მუშა დაიღუპა, რაც ყატარის მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად უარყო.

1. LGBTQ+ უფლებები - კიდევ ერთი დიდი კითხვა LGBTQ+ წარმომადგენლების გარშემო არსებობს. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფლად დასწრებას. როგორც იცით, კაცთა ჰომოსექსუალიზმი ყატარში არალეგალურად ითვლება, რაც სამწლიანი პატიმრობით ისჯება. ყატარის ოფიციალურმა მხარემ თქვა, რომ ყველას მიესალმებიან და ჰომოსექსუალიზმის გამო დაპატიმრების შემთხვევები არ იქნება, თუმცა რამდენად რეალური იქნება ყატარის დაპირება, ამას მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას გავარკვევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი