საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"ძალიან მიხარია, რომ იმ წარმატების შემდეგ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, ასე სერიოზულად მივუდექით პირველ თამაშს. ყოველთვის, რაღაც კარგს ცუდი მოჰყვება ხოლმე, თუმცა დღევანდელ თამაშში, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებული მოთამაშეები არიან.
მიხარია, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს. ახლა მთავარია, რომ შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ, რადგან ალბანეთში რთული მატჩი გველის", - განაცხადა კაშიამ.
ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ტირანაში გამართავს.