საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სექტემბრის მატჩებისთვის გამოცხადებულ 23-კაციან განაცხადს, "ემპოლის" ახალგაზრდა მცველი, საბა გოგლიჩიძე, დაამატა.
"საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური ემპოლის და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.
20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტი 31 აგვისტოს, ბოლონიასთან შეხვედრაში ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრათან ერთად, გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება სექტემბრის შეკრებაზე.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს." - ვკითხულობთ ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.