ქართველ გულშემატკივარს ახსოვს, ტოკიოს ოლიმპიადიდან ემოციური კადრი - ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ტრიუმფის შემდეგ, მუხლზე დაცემული და ატირებული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი.
საინტერესო თემებზე ოლიმპიელთა ექიმმა რამდენიმე ტვის წინ ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ამ სოციალურმა ქსელებმა, მეტი ინფორმაცია მიიტანა ადამიანებამდე, მეტად ინფორმირებული გახადა საზოგადოება. გამოჩნდა და ტრიალებდა ის ემოციური კადრი, ბექაურის გამარჯვებამ რომ მომგვარა.
ეს იყო გამარჯვებაც, სიყვარულის ამონთხევაც... როცა 2004 წელს, ასანიძემ და ზვიადაურმა - (ერთმა ცალფეხამ და მეორე - ცალხელამ) მოიგეს ოლიმპიადა, 2008 წელს - კვირკველიამ, იმ დროს არ იყო ჟურნალისტების მხრიდან ასეთი გაშუქება, თორემ მაშინაც დიდი ემოციები და სიამაყე იყო.
ვიტყოდი, რომ ტალახაძეზე და ბექაურზე რაც ხდებოდა, ჟურნალისტების დამსახურებით, მეტი იყო სპორტის, მედიცინის, ქართველობის და ერთად დგომის პიარი.
მე ჩემი საქმე გავაკეთე, თქვენ კი კარგად დაინახეთ, რომ ეს გააკეთეს ზურამ, ქევხიშვილმა, გუჯეჯიანმა, ბექამ, ლაშამ, მთელმა გუნდმა და ქართულმა სიყვარულმა. როდესაც ლაშას თვალებში ჩავიხედე, მივხვდი, რომ ამ ბიჭს შეეძლო ბრძოლა და ტკივილის მართვა (ტრავმირებული იყო).
ეს იყო მთავარი, თორემ ჯანმრთელებიც წავიყვანე, მაგრამ ის ხასიათი ვერ გამოიჩინეს.
სპორტსმენი იმ დღეს უნდა იყო განწყობილი, შეიძლება წლები ემზადო და იმ დღეს ვერ გამოიჩინო თავი. შეიძლება არ იყო კარგად მომზადებული, როგორც ბექაურის, პლესნოის შემთხვევაში, მაგრამ ჟინით, ხასიათით და სიყვარულით ტკივილსაც მართავ და ყველაფერს მიაღწევ", - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.