უდიდესი ლეგენდა - გიორგი შერმადინმა მოხსნების რეკორდი დაამხო! » სპორტის ხაზი

უდიდესი ლეგენდა - გიორგი შერმადინმა მოხსნების რეკორდი დაამხო!

უდიდესი ლეგენდა - გიორგი შერმადინმა მოხსნების რეკორდი დაამხო!
12-01-2024, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინი ტენერიფეში მე-5 სეზონს ატარებს და ის უკვე ამ კლუბის ლეგენდაა. არაერთ მაჩვენებელში შერმადინი კლუბის ისტორიული ლიდერია, რამდენიმეში კი ზღვარზეა და ლიდერად მისი გადასვლა დროის საკითხია.

2020-21 და 2022-23 წლების სეზონებში ესპანეთის ჩემპიონატის ორგზის MVP-იმ წინა ტურში, რომელშიც ტენერიფემ ხუვენტუდი დაამარცხა, 8 მოხსნა მოაგროვა, რითაც 4 ერთეულით გადაასწრო ამ კომპონენტში კლუბის ისტორიულ ლიდერ კენ ჯონსონს. ამერიკელი კალათბურთელის სარეკორდო შედეგი, რომელიც 834-ს შეადგენდა, მთელი 33 წელი ურყევად იდგა, სანამ იგი შერმადინმა 4 მოხსნით არ გააუმჯობესა. ამ ამბავს როგორც თავად ტენერიფემ, ისე ესპანეთის ლიგამ საკმაო ყურადღება დაუთმო.

"ცხადია, ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველა მოთამაშის ოცნებაა, რომ გუნდში რაიმე რეკორდის მფლობელი იყოს. ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია. აქ იგულისხმება მწვრთნელების მიერ გამოჩენილი ნდობაც, რაც ჩემთვის მოცემულ წუთებში იგულისხმება. ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი ისაა, ამას თამაშში როგორ გადაიტანთ", – რეკორდთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა თავად ქართველმა რეკორდსმენმა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს რეკორდის მოსახსნელად 148 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც ნიშნავს, რომ თითო შეხვედრაში ის საშუალოდ 5,6 მოხსნას აგროვებს. სათქმელია ისიც, რომ შერმადინი ტენერიფეს ისტორიაში აბსოლუტური ლიდერია სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის (2 987) მხრივ და ასევე პირველ ადგილზეა ჩაგდებულ ორქულიანებსა (780) და ჩატენვებში (190). ამას გარდა, გიოს მე-2 პოზიცია უკავია კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. მას 2 237 ქულა აქვს და მხოლოდ ესპანელ ხერმან გონსალესს (3 191) ჩამორჩება. ამ რეკორდის დასამხობად შერმადინს დიდი მონდომება მართებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი