ქართველი ძიუდოისტების წინსვლა მსოფლიო რეიტინგში » სპორტის ხაზი

ქართველი ძიუდოისტების წინსვლა მსოფლიო რეიტინგში

ქართველი ძიუდოისტების წინსვლა მსოფლიო რეიტინგში
6-11-2023, 17:58
Aa Aa
გაზიარება:

IJF-მა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ვერცხლის მედლით დაასრულა. ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ); ლაშა ბექაური (90 კგ); ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).


60 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონი, წარმოშობით ქართველი, საფრანგეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე - ლუკა მხეიძე გახდა, რომელმაც 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 5 პოზიციით დაწინაურდა. მხეიძის ანგარიშზე 3938 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერია.

ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიცია შეინარჩუნა და მის ანგარიშზე 4606 სარეიტინგო ქულაა.

73 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, ლეგენდერულმა ქართველმა ძიუდოისტმა - ლაშა შავდათუაშვილმა. ოლიმპიური ჩემპიონის ანგარიშზე 5028 სარეიტინგო ქულაა.

81 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე წაგებული ფინალის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილი ამ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა. ტატომ პირველი ადგილი დაიკავა, რადგან მან ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ამით 490 სარეიტინგო ქულაც ჩაიწერა აქტივში, ხოლო ევროპის ჩემპიონატამდე ამ წონის ლიდერმა - მატიას კასემ, ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე პოზიცია დაიკავა და 252 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზე 8415 სარეიტინგო ქულაა და იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია, მეორე ადგილზე მყოფ მატიას კასეს კი 8157 სარეიტინგო ქულა აქვს.

90 კგ წონით კატეგორიაში, რეიტინგის მეორე ნომერი გახდა - ლაშა ბექაური, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა ბექაურმა მოპოვებული ვერცხლის მედლით, იაპონელ - სანშირო მურაოს გადაუსწრო და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ანგარიშზე 5750 სარეიტინგო ქულაა.

ევროპის პირველობაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ამ წონის ლიდერობა და პირველი ადგილი შეინარჩუნა - ლუკა მაისურაძემ. მაისურაძის ანგარიშზე 6856 სარეიტინგო ქულაა.

22 წლის ილია სულამანიძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერად რჩება 100 კგ წონით კატეგორიაში, მის ანგარიშზე 7308 ქულაა. მეორე პოზიციას კი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი - ზელიმ კოტსოიევი ინარჩუნებს.

100+ კგ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.

თუშიშვილის ანგარიშზე 4028 სარეიტინგო ქულაა და სულ რაღაც 170 ქულით ჩამორჩება ფინელ - მარტი პუუმალაინენს, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალი დათმო.

ქალთა 57 კგ წონით კატეგორიაში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა - ეთერ ლიპარტელიანმა, რომლის ანგარიშზეც 3920 სარეიტინგო ქულაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.