მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი საბერძნეთში გაემგზავრა. გამოცემა „გაზეტასთან“ ინტერვიუში მან საქართველოს ნაკრების შესახებ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.
– შეძელით სტერეოტიპების დამსხვრევა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობისას?
"როდესაც უცხოეთში მუშაობთ, უნდა გაიცნოთ კულტურა, ტრადიციები, ხალხის ფილოსოფია, რომ შემდეგ მოახერხოთ მათ ტყავში შეძრომა. ანუ უნდა შეგეძლოთ იმ განსხვავებების გარჩევა, რაც ახალი ქვეყნისა და თქვენს კულტურაშია. ეს ადაპტაციისთვის კარგ საფუძველს მოგცემთ.
8 წლის განმავლობაში იყო ბევრი სირთულე. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე ძალიან ნიჭიერი გუნდი იყო. თუმცა მალე კარიერა დაასრულა რამდენიმე წამყვანმა კალათბურთელმა: ზაზა ფაჩულიამ, მანუჩარ მარკოიშვილმა, ვიქტორ სანიკიძემ. მანუ ახლა ჩემი ასისტენტია, ვიქტორი – კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
მათი გამოკლების შემდეგ შევეცადეთ რეზერვით შეგვევსო, მაგრამ საქართველოში საბერძნეთთან და მსგავს ქვეყნებთან შედარებით ნაკლები რესურსია."
– ქართველები როგორი ხალხია? თქვენი ტემპერამენტი მოდის შესაბამისობაში?
"ქართველებსა და ბერძნებს ბევრი საერთო გვაქვს. ქართველებს ფეთქებადი ხასიათი აქვთ, მძაფრად აღიქვამენ იმედგაცრუებას და იოლად სწევენ თამასას, ზოგჯერ იმის გაუცნობიერებლად, რას მივაღწიეთ. ამ თემაზე თორნიკე შენგელიასთან მქონდა საუბარი. მის სიტყვებს არასოდეს დავივიწყებ: ლიმონი ბოლო წვეთამდე გამოვწურეთ – მითხრა. მართლაც ასე იყო: გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე ამ გუნდს რეალურად შეეძლო. ძალიან წინ წავედით. არ ვიცი, გაიგო თუ არა მსოფლიომ, რას მივაღწიეთ."