27 წლის ქართველი შემტევი, გიორგი არაბიძე, რომელიც ამჟამად სამხრეთ კორეის კლუბ "ულსან ჰიუნდაიში" ასპარეზობს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "ჩემპიონებს" სტუმრობდა. ფეხბურთელმა გულახდილად ისაუბრა თავისი კარიერის რთულ მომენტებზე, მენტალურ სირთულეებზე და ტრავმების გავლენაზე.
„შეიძლებოდა, სხვა დონეზე მეთამაშა, მაგრამ ამას მხოლოდ ჩემი მონდომება არ ყოფნიდა – არსებობდა გარემოებები, რომლებმაც ხელი შემიშალა“, — აღნიშნა არაბიძემ.
ფეხბურთელის თქმით, მისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ტრავმები იყო. „ზოგადად ტრავმებისკენ მიდრეკილი არ ვარ, მაგრამ მქონდა ორი სერიოზული დაზიანება, რომელიც დიდხნიანი რეაბილიტაციას მოითხოვდა. ამას დაემატა მამის გარდაცვალება – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად განსაკუთრებით გამიჭირდა“, – ამბობს არაბიძე.
ფეხბურთელის აღიარებით, ფსიქოლოგიური სირთულეების გადალახვა ოჯახისა და ახლობლების მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა. სწორედ ამიტომ დაბრუნდა საქართველოში, რათა ფეხბურთისგან მიღებული სიამოვნება კვლავ ეგრძნო. „დაახლოებით 2 წელიწადსა და 6 თვეში შევძელი, რეალურად ძველი ფორმა არა მხოლოდ დამებრუნებინა, არამედ უკეთესადაც მეთამაშა“, — აღნიშნავს გიორგი.
მან ხაზგასმით აღნიშნა მამის როლი საკუთარ კარიერაში: „ის ჩემთვის მხოლოდ მშობელი კი არა, მეგობარიც იყო. მისი დაკარგვის შემდეგ პორტუგალიაში წავედი, მაგრამ იმ დროს ფეხბურთზე ნაკლებად ვფიქრობდი – ჩემი ენერგია პირადი პრობლემების გადალახვას მოხმარდა.“
გიორგი არაბიძის აზრით, სპორტსმენის პროგრესი დიდწილად მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. „როცა სპორტსმენს შიდა შფოთი და უთქმელი ტვირთი აწვება, წინ წასვლა ჭირს. მამის გარდაცვალებამ სხვა ადამიანი გამხადა – უფრო მეტად პასუხისმგებლიანი როგორც ოჯახთან, ასევე ჩემ თავთან.“