საბალენკას ბრწყინვალე ტრიუმფი მადრიდში – კოკო გაუფი ორ სეტში დაამარცხა და მესამე ტიტული მოიპოვა.
დღეს, 3 მაისს, მადრიდის ღია პირველობა ქალთა შორის ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. ცენტრალურ კორტზე ერთმანეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ ორი გამორჩეული ჩოგბურთელი — მსოფლიოს პირველი ნომერი, ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელი ვარსკვლავი, რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფი 21 წლის კოკო გაუფი.
შეხვედრა მაღალი დონის ტემპით და ხარისხით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ მატჩის ბედი ორ სეტში გადაწყდა. საბალენკამ მეტოქეს 6:3, 7:6 (7:3) სძლია და მადრიდის მასტერსის ტიტული კარიერაში მესამედ მოიგო. ამ წარმატებით არინამ დაამტკიცა, რომ ის კვლავაც სტაბილურად ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა საჩოგბურთო სამყაროში.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსმა ესპანეთის დედაქალაქში ტურნირის განმავლობაში ექვსივე შეხვედრაში იმარჯვა, მათგან ხუთი ორ სეტში მოიგო. მისი გზიდან გაიწიენ ანა ბლინკოვა, პეიტონ სტირნსი, მარტა კოსტიუკი, ელინა სვიტოლინა და ბოლოს ფინალში კოკო გაუფი. მხოლოდ მერტენსთან — 1/16 ფინალურ ეტაპზე — დასჭირდა სამი სეტის თამაში.
ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმ ფონზე, რომ საბალენკამ აპრილში შტუტგარტის ფინალში მარცხი იწვნია და ამჯერად მოახერხა შედეგის გამოსწორება. მისმა თამაშმა მადრიდში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში იმყოფება დიდი ტურნირების მოგებისთვის.
26 წლის ჩოგბურთელი კვლავ ლიდერობს ქალთა ტურნირის რეიტინგს და LIVE განახლებული მონაცემებით 4345 ქულით უსწრებს თავის მთავარ მდევარს — პოლონელ იგა შვიონტეკს. მისი მორიგი ტრიუმფი მოწმობს, რომ საბალენკა დამაჯერებლად ინარჩუნებს პირველ პოზიციას და ფავორიტად რჩება მოახლოებულ "როლან გაროსზეც".