გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმა, ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან მიცემულ ინტერვიუში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება შეაფასა და თავისი ფავორიტები დაასახელა.
შვაინშტაიგერის თქმით, მიმდინარე სეზონში ტიტულის მოსაპოვებლად ყველაზე რეალურ კანდიდატებად „პსჟ“ და კატალონიის „ბარსელონა“ მიიჩნევიან. როგორც ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნავს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე ფრანგული კლუბის თამაშმა მოახდინა: „გაოცებული დავრჩი, როცა პსჟ-მ მერვედფინალში „ლივერპული“ დაამარცხა — მსგავსი დონის თამაში მართლაც შთამბეჭდავი იყო.“
რაც შეეხება „ბარსელონას“, შვაინშტაიგერმა განსაკუთრებული სიმპათიით აღნიშნა კლუბის გერმანელი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი და პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი. „ორივე ჩემი მეგობარია და მათ წარმატებას გულწრფელად ვუსურვებ. ამ ეტაპზე „ბარსელონა“ ძლიერი გუნდია და დიდი პოტენციალი აქვს,“ — დასძინა მან.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები შემდეგი განრიგით გაიმართება: 6 მაისს „ბარსელონა“ „ინტერს“ დაუპირისპირდება, ხოლო 7 მაისს „პსჟ“ შინ „არსენალს“ უმასპინძლებს.