ჩემპიონთა ლიგის მე-5 სათამაშო ტურში გურამ კაშიას სლოვანმა მილანს უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 2:3 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი ნაკრების კაპიტანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ვამაყობ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ. გავიტანეთ ორი გოლი და ნამდვილად გვქონდა ქულის მოპოვების შანსი. ვიბრძოდით, ვმოქმედებდით ორგანიზებულად, ვიგებდით ორთაბრძოლებს… გვქონდა ორი თუ სამი ბრწყინვალე მომენტი. ვთამაშობდით გეგმის მიხედვით, კომპაქტურად… ეს ის პოზიტივია, რაც ამ მატჩში გვქონდა. მაგრამ მეორე ტაიმში 5 წუთით ჩამოგვეძინა და მეტოქემაც დაგვსაჯა.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გვაქვს პროგრესი. ამ ოთხი-ხუთი მატჩის შემდეგ უკვე ვხვდებით, როგორი დონეა აქ და თუკი ჩემპიონთა ლიგაში მომავალ წელსაც ვითამაშებთ, ეს უკვე სულ სხვა ისტორია იქნება.
- თქვა კაშიამ.