საფეხბურთო კლუბ თელავის ყოფილი ფეხბურთელი 23 წლის თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა - ინფორმაციას ამის თაობაზე კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
"საშინელ ავადმყოფობასთან დიდი ბრძოლის შემდეგ სამწუხაროდ, მოხდა ის, რამაც გაგვანადგურა, შოკში ვართ - 23 წლის თორნიკე ლაფაური, ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი აღარ გვყავს.
თოკო, თელავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, სკოლიდან მერე სკ "თელავის" ასაკობრივ გუნდებში ითამაშა, 17 და 19-წლამდელთა გუნდის წევრი გახლდათ და ნელ-ნელა მთავარ გუნდსაც უახლოვდებოდა, ვარჯიშობდა, თავის შანსს ელოდა და უცებ, ყველასთვის მოულოდნელად, ვერაგმა ავადმყოფობამ დარია ხელი - შოკი, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენთვის.
სიტყვებით ძნელია, ინუგეშო თავი, ანუგეშო ოჯახი და ახლობელ-მეგობრები - ღმერთმა დაგიმკვიდროს ნათელი სასუფეველი თოკო - ჩვენს გულში მარად იმ გულიან ბიჭად დარჩები, როგორსაც ყველა გიცნობდა, იმ ბიჭად, ვინც დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა...", - წერია განცხადებაში.
Sportline-ის რედაქცია იზიარებს ოჯახის და მეგობრების მწუხარებას.