UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მე ვიყავი ჩემს სამშობლოში, ვნახე და განვიცადე ყველაფერი ჩემით და ამის მერე მინდა გამოვთქვა საკუთარი აზრი.
მე, როგორც ჩემი ქვეყნის ამაყი მოქალაქე და ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ერი და სამშობლო, ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგი ვარ და მტკივა ამ მძიმე განსაცდელის დანახვა.
პირადად მე ვიგრძენი ხალხის დიდი სიყვარული ჩემს სამშობლოში, მაგრამ მე არ ვარ არც ყრუ და არც ბრმა. მე ვგრძნომ, რომ ბევრმა დაკარგა საწყისი მოტივაცია და ამოძრავებთ ბოროტება და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ. ჩემი სამშობლო და ხალხი გაყოფილია ორ ნაწილად – ასე იყო ყოველთვის, ჩემი დაბადებიდან, მაგრამ ამჟამად განსხვავებული აზრი აქცევს მეგობარს და ოჯახის წევრს მტრად.
ჩემი მცირე 32 წლის ცხოვრების გამოცდილებიდან, ჩვენს ქვეყანაში ომი და კონფლიქტებია. დედამ გამაჩინა, იანვრის ბნელ და ცივ ღამეს, როცა ფანჯრებს ტყვიებს ესროდნენ. 2008 წელს, 16 წლის ასაკში სახლიდან გავიპარე ჩემი დანების კოლექციით (ბავშვურად არც ვიცოდი სად წავსულიყავი), რომ დამეცვა ჩემი სამშობლო და ოჯახი, მაგრამ მამამ მომისწრო და შინ მომაბრუნა. 2009 წელს, მე და მთელი ქვეყანა ვიდექით ქუჩაში მხარ და მხარ ჩვენი უფლებების დასაცავად იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა მოქალაქეების ღირსება.
მე ვარ სპორტსმენი და წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და კულტურას, ყველგან სადაც ვარ, მათ შორის ყველაზე დიდ არენაზე მსოფლიოში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ გამაჩნია საკუთარი აზრი, როგორც ადამიანს და ჩემი დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მოქალაქეს. უპირველეს ყოვლისა, ვინც არ უნდა ვიყოთ, რა საქმიანობას ვეწეოდეთ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულების და რელიგიური კუთვნილების – უნდა ვიყოთ ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს საკუთარ აზრზე, გამონაქვამზე, მოქმედებაზე.
ჩემი არსებით დაუშვებელია ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოსმენა, რომელიც ამჟამად გვესმის ყველა მხრიდან. მიუღებელია მოქალაქეების ცემა და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმა. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარეს ამოძრავებს მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და კეთილი მომავლის სურვილი. თუ ყველას მიზანი ერთია, მჯერა, რომ ძლიერი, ერთიანი საქართველო ჩვენი მომავალია", - წერს ქუთათელაძე.