პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყო და უკვე პირველი ტურიც ვიხილეთ, სადაც დიდმა ექვსეულმა ჩემპიონობისთვის თავისი მზაობა გვაჩვენა, ამ ექვსიდან კი მთავარ ფავორიტებზე დავწერთ.
არსენალმა ვულვერჰემპტონს უმასპინძლა და წყნარად, სოლიდური დაცვითა და ფეთქებადი შეტევით 2:0 მოიგო. ახალი სეზონიდან კვლავ დიდი ყურადღება იქნება მიმართული მიკელ არტეტას გუნდისკენ, რომელმაც წინა სეზონის ბირთვი შეინარჩუნა, ამას კი ზედ რიკარდო კალაფიორის ტრანსფერიც დაურთო. 2024/2025 წლების სეზონში მეთოფეები იმას შეეცდებიან, რაც შარშანდელ სეზონში არ გამოუვიდათ, - სიტის ჰეგემონიის დამხობას, საამისოდ კი ლონდონელებს მართლაც კარგი შემადგენლობა ჰყავთ.
მანჩესტერ სიტი დამაჯერებელ სვლას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ სტემფორდ ბრიჯზე პეპს გუნდის ხერხემალი და მთავარი ფიგურა როდრი არ ჰყავდა, სიტიმ მაინც ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩელსის გოლის გატანა რამდენიმე ეპიზოდში მართლაც შეეძლო, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მანჩესტერელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა. გუნდში კვლავ არიან კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰოლანდი, რაც მორიგი ჩემპიონობის შანსებს იძლევა.
არნე სლოტის ლივერპული საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება. ბევრი ელოდა, რომ იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ ლივერპულში სწრაფი დაღმასვლა დაიწყებოდა, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი მწყობრშია და ენფილდის მანქანა კვლავ მუშაობს. მოჰამედ სალაჰს ისევ გააქვს, სლოტი კი შანსს ახალგაზრდა მოთამაშეებს აძლევს. ფაქტი ერთია, ლივერპულმა თამასა შეინარჩუნა და მეტიც, ჩემპიონობას ახალი ეპოქის პირველივე წლებში შეუტევს.