რეგიონული ლიგა | ფინალში "არმაზი" და "ჭადარი" ითამაშებენ » სპორტის ხაზი

რეგიონული ლიგა | ფინალში "არმაზი" და "ჭადარი" ითამაშებენ

რეგიონული ლიგა | ფინალში "არმაზი" და "ჭადარი" ითამაშებენ
დღეს, 01:45
Aa Aa
გაზიარება:

რეგიონული ლიგის ფინალისტებს 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები არკვევდა. მარნეულის ‘არმაზმა’ ჩოხატაურში 61:10 მოგებით საქმე პირველივე შეხვედრაში მოამთავრა და მეტოქეთა განმეორებითი რკენა პრაქტიკულად ფორმალობად აქცია. აღნიშნული გარემოებით ნირწამხდარმა გურულებმა თბილისში ჩამოსვლა იუარეს და ‘არმაზს’ დებულების თანახმად ტექნიკური ანგარიშით - 30:0 მოგება გაუფორმდა და დათო კიკნაძის გუნდი ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის პირველ ფინალისტად შეიქნა.

‘არმაზმა’ არსებობის მანძილზე ყველაზე დიდ წარმატებას 6 წლის წინ მიაღწია, როდესაც პოდიუმი გაახერხა და დიდ 10-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ბოლო წლებში სერიოზულ კრიზისში მყოფი მარნეულელები პირველ ლიგას გასული წლის გაზაფხულზე გამოეთხოვნენ. მიმდინარე სეზონში კი რეგიონული ლიგის კვალობაზე ‘არმაზი’ სოლიდურად გამოიყურება და ჩემპიონატის ფავორიტადაც მიიჩნევა.

გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ნახევარფინალი, რომლის პირველი შეხვედრა თელავში ‘ჭადარს’ სამტრედიის ‘ფენიქსისთვის’ 9 ქულის სხვაობით - 23:14 ქონდა მოგებული, რაც „მტრედებისთვის“ სეზონის პირველი მარცხი გახლდათ. იმერლებმა საპასუხო შეხვედრის მასპინძლობა ქუთაისის „აია არენაზე“ ითავეს. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

ფულბეკ საბა გოლიაძის გატანილი ჯარიმით დებიუტში ‘ფენიქსი’ დაწინაურდა, რასაც კახელებმა შუამარბ გურამ ქავთარაძის გარდასახული ლელოთი უპასუხეს. ფიჯელი შუამარბის სეფანია მბოლას გარდასახულმა ლელომ იმერლებს 3 ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, თუმცა ფიჯელი შუამარბის ნაიმბუკა ლანდივასას გარდასახული ლელოსა და მგეზავ ლაშა შოშიაშვილის გატანილი ჯარიმის წყალობით შესვენებაზე კახელები 7 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 17:10.

მეორე ტაიმი ‘ფენიქსის’ შეტევებით დაიწყო და „მტრედებმა“ მეტოქეს მიჯრით 2 ლელო დაუდეს. მასპინძელთა მხტომელმა გოგა ახალაძემ „დუბლი“ შეასრულა და საკუთარი გუნდი 5 ქულით დააწინაურა. ფრთა ნიკა ალექსანდრიას გარდასახულმა ლელომ ‘ჭადარი’ ანგარიშში წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა. მატჩის დასკვნით მონაკვეთში კი ‘ფენიქსის უპირატესობა გამოიკვეთა. მასპინძელთა მგეზავ მარკოზ შავგულიძის გატანილ ჯარიმას, სამტრედიელთა მოთამაშე-მწვრთნელის გიორგი ლეკვეიშვილის გარდაუსახავი ლელოც დაერთო. მატჩის ბოლო წუთზე სტუმართა 5-მეტრიანთან ‘ფენიქსის’ მგეზავს ოვალი წინ გაუვარდა და „მტრედებმაც“ ხელიდან საერთო გამარჯვება გაუშვეს.

მართალია, ფენიქსმა’ რევანში აიღო - 30:24, თუმცა 2 მატჩის ჯამური შედეგით (47:44) ‘ჭადარმა’ იმარჯვა და ლიგის ფინალში გავიდა. რეგიონული ლიგის გამარჯვებული 1 ივნისს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ცენტრალურ სარაგბო არენაზე გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ‘არმაზისა’ და ‘ჭადარის’ გზები მიმდინარე სეზონში, „ხარები არენაზე“ გამართულ აღმოსავლეთის მინი-ფინალში გადაიკვეთა, სადაც წარმატებას ‘არმაზმა’ მიაღწია - 28:8.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი