რეგიონული ლიგა | "არმაზმა" ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა » სპორტის ხაზი

რეგიონული ლიგა | "არმაზმა" ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

რეგიონული ლიგა | "არმაზმა" ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
გუშინ, 14:43
Aa Aa
გაზიარება:

რეგიონული ლიგის საჩემპიონო პლეი ოფს, აღმოსავლეთის გამარჯვებულის გამოსავლენად მარნეულის ‘არმაზისა’ და თელავის ‘ჭადარის’ გადამწყვეტი შეხვედრა უსწრებდა, რომელიც რუსთავის „ხარები არენაზე“ გაიმართა.

მატჩი ორმხრივი იერიშებით დაიწყო და მეტოქეებმა საწყის 20 წუთში ლელოები გაცვალეს. ქვემო ქართლელთა ფრთა თორნიკე შაქარაშვილის გატანილ ლელოს, თელაველთა ფიჯელმა შუამარბმა ნაიმბუკა ლანდინივასამ საპასუხო ლელო შეაგება. მგეზავ ლაშა შოშიაშვილის გატანილმა ჯარიმამ ‘ჭადარი’ 1 ქულით დააწინაურა.

ამის შემდეგ კი შეხვედრას სრულად ‘არმაზი’ აკონტროლებდა და დათო კიკნაძის შეგირდებმა დარჩენილ დროში 21 უპასუხო ქულა მიითვალეს. თორნიკე შაქარაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ჰავბეკმა ნიკა კოზანაშვილმა და მარბიელმა სანდრო მაქაცარიამ პირად აქტივს თითო გატანილი ლელო შემატეს. მარნეულელთა მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ 4-ივე გარდასახვა გამოიყენა და ‘არმაზმა’ კახელებს სეზონში პირველი მარცხი აგემა-28:8.

საჩემპიონო პლეი ოფის 2-რაუნდიან 1/2-ფინალში მარნეულის ‘არმაზი’ დასავლეთის მეორე ადგილოსან ჩოხატაურის ‘ჯანს’ დაუპირისპირდა. დებულების თანახმად, პირველი შეხვედრა უარეს-ნომრიანი გუნდის არენაზე, ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივი ქომაგის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, გურულებმა გამოცდილ მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პირველ ტაიმში ფიჯელი ჰავბეკის ამინიასი ნატოგას გატანილ ეულ ჯარიმას დაჯერდნენ.

‘არმაზი’ პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მასპინძლებს რაგბის ყველა სათამაშო კომპონენტში აღემატებოდა. ქვემო ქართლელთა წარმატებას სათავე ფიჯელი ფულბეკის ჯოსევატა ლანაქვას გატანილმა ლელომ დაუდო. მარნეულელთა კუნძულელმა ლეგიონერმა შემდგომში „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. ‘არმაზმა’ შესვენებამდე 5, მთლიანობაში კი 9 ლელო გაიტანა (მათ შორის 1 ტექნიკური), რომელთაგან მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ 8 გარდასახვა გამოიყენა. ‘ჯანი’ ბოლომდე იბრძოდა და მეორე ტაიმში ფულბეკმა გიორგი ასამბაძემ პრესტიჟის ლელოს გატანა შეძლო. ‘არმაზის’ დამაჯერებელი გამარჯვება კი ფრთა საბა ღვინიანიძის დადებულმა ლელომ დააფიქსირა - 61:10.

მე-2 ნახევარფინალური შეხვედრა თელავის „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა, სადაც ‘ჭადარმა’ დასავლეთის გამარჯვებულ სამტრედიის ‘ფენიქსს’ უმასპინძლა. კახელებმა მხოლოდ აღმოსავლეთის ფინალური შეხვედრა დათმეს, ‘ფენიქსმა’ კი ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი მოიგო.

თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო და დებიუტში წარმატებას სტუმრებმა მიღწიეს. ფრთა ბადრი გოგოტიშვილის გარდასახული ლელოთი იმერლები 7 ქულით დაწინაურდნენ. ტაიმის დარჩენილი ნაწილი კი კახელთა უპირატესობით წარიმართა. ‘ჭადარის’ შუამარბმა კაპიტანმა ვანო თუშიშვილმა და კვაჭმა შალვა ხუცაიძემ 2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა კახელთა ფიჯელ შუამარბ ემოსი მბუკასონოგოს ორივე გარდასახვა გაუცუდდა. სანაცვლოდ კუნძულელმა ჯარიმა გაიტანა, რამაც თელაველებს ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოაგებინა - 13:7.

მეორე ნახევრის დებიუტში კვლავ ‘ფენიქსმა’ იძალა. ფიჯელი შუამარბის სეფანია მბოლოს გარდასახული ლელოთი გიორგი ლეკვეიშვილის შეგირდები მინიმალური სხვაობით დაწინაურდნენ. ამის მიუხედავად, ‘ჭადარი’ სტატიკაში უკეთ ირჯებოდა, შერკინებაში მეტოქეს ხშირად აჯარიმებდა და არც დერეფანში მოიკოჭლებდა, რამაც კახელთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. დარჩენილ დროში ემოსი ბკუსანოგომ „დუბლი“ შეასრულა, თუმცა გარდასახვები კვლავ არაზუსტად შეასრულა, რამაც თენგო ცისკარიშვილის ბიჭები მხოლოდ 9 ქულიან უპირატესობას დააჯერა. ‘ჭადარმა’ მატჩი 23:14 მოიგო და ფინალისტის ვინაობა მომავალ უქმეებზე სამტრედიაში გასამართ საპასუხო შეხვედრაში გაირკვევა.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი