უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნითი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.
მესამე რაუნდში ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 18 აპრილს, ჩვენი დროით 15:15 საათზე ირლანდიელ თანატოლებს ერკინებიან, რომელიც პირველ ტურში უელსთა 24:32 დამარცხდა, მეორეში კი შოტლანდიას 38:21 სძლია.
სრულად შეიცვალა ღერძი და პირველი წუთებიდან მოედანზე გიორგი ხონელიძე და გიორგი გაბუნია გავლენ, ხოლო ცენტრში თამაშს გიორგი კეკელია იწყებს. დამწყებთა შორის ბრუნდება ფრთა ივა კვირიაშვილი. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრმა დათა ახვლედიანმა, რომელიც გუნდს უკაპიტნებს, ფრთა დავით არობელიძემ და ფულბეკმა ლუკა ჭაკუამ.
უელსთან მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი ხაზი - ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა წიკლაური და გიორგი ბერძენიშვილი. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც მესამე ხაზიდან გიორგი არძენაძემ გადაინაცვლა, ტრავმირებული დავით ბარამია კი ნიკოლოზ ჩხორთოლია, შეცვალა. ფლანკერის პოზიციიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა გიორგი ზაზაძემ და სასტარტოში დაწინაურდა იოსებ ღვინჯილია. ტრავმირებული შოთა გვრიტიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი და ამჟამად ქუთაისის ‘აიას’ მოთამაშე ზაზა ლეჟავა, რომელიც გუნდს 3 დღის წინ შეუერთდა. მარქაფაშია ‘ლელოს’ მორაგბე საბა გიორგიძე, რომელიც საფრანგეთში ასევე 3 დღის წინ ჩავიდა.