საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში იმარჯვა, რითაც ევრობასკეტ 2025-ის საკაკვალიფიკაციო ტურნირში არაკომფორტული პოზიცია გამოისწორა. ერთი მოგებით საქმე არ გაკეთებულა, თუმცა ესპოოში გამართული მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. წაგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო იუარესებდა ჯგუფიდან გასვლის შანსებს – 3-დან 3 წაგებით რჩებოდა და დარჩენილ მატჩებში მინიმუმ ფინეთის შინ დამარცხება და დანიის 7 ქულაზე მეტით მოგება უნდოდა. ფინეთში გამარჯვებამ კი ცხრილში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა და თუკი 24 ნოემბერს საქართველო ფინეთს თბილისშიც დაამარცხებს, ევრობასკეტზე გასვლის შანსი უკეთესი ექნება, ვიდრე კონკურენტ დანიას, რომელმაც ამ ტურში სერბეთთან შინ უშანსოდ წააგო და 2 დღეში ბელგრადშიც არ უნდა ელოდეს სხვა შედეგს.
ფინეთში ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს. ეს იყო გუნდურად მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელშიც მოედანზე გასულმა ყველა მოთამაშემ შეიტანა წვლილი. საქართველოს ნაკრები 13 ქულას აგებდა და ეს ჩამორჩენა პირველივე ნახევარში გააბათილა, თუმცა ფინელები საკუთარ საფირმო იარაღს კარგად იყენებდნენ და სამქულიანებით ხელჩასაჭიდი ლიდერობა კვლავ მოიპოვეს. მარტო სამიანები არ იყო ფინელთა კოზირი, სკანდინავიელებს მოხსნაზე თამაშიც უხერხდებოდათ და ჩვენს საჯარიმოში ფარიდან ასხლეტილ ბურთს განმეორებითი შეტევით ქულებად აქცევდნენ.
ჩვენი კაპიტანი, თორნიკე შენგელია თავიდან შებოჭილი იყო. პირველ ნახევარში შენგელიამ მხოლოდ 4 ქულა, ისიც საჯარიმოებით ჩააგდო. მას ძალიან მჭიდროდ მეურვეობდნენ და ჯარიმებით აჩერებდნენ. ყველას ალბათ ის გაახსენდა, რომ შენგელიას წინა თამაშიდან 24 საათიც არ იყო გასული და მას, როგორც მატჩის შემდეგ აღნიშნა, საერთოდ არ უძინია. თუმცა თავგანწირულად დაწყებული საქმე შენგელიამ გმირულად და რაც მთავარია, წარმატებულად დაასრულა. მესამე პერიოდიდან რომ აიწყვიტა, ფაქტობრივად მისი ძალისხმევით მოხდა გარდატეხა.
შენგელიას მხოლოდ ჯარიმებით აჩერებდნენ. კაპიტანმაც ქულების საჯარიმოს ხაზიდან გროვება დაიწყო და მესამე პერიოდის ბოლო წამებზე 1 საჯარიმო რომ არ აეცილებინა, ანგარიში გათანაბრდებოდა – 63:62 ფინეთის სასარგებლოდ. მე-4 პერიოდში შენგელიამ მეტოქეს დიდი სიურპრიზი შესთავაზა. მთელი თამაში ფარისკენ ჯიქურად ხომ იწევდა, ბოლო პერიოდში პერიმეტრიდან შეუტია და ზედიზედ 4 სამქულიანი ჩააგდო. შენგელიას ამ პერფორმანსის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერობა 10 ქულამდე გაიზარდა და როცა მას ხელი თანაგუნდელებმაც შეაშველეს, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საქართველო 12 ქულით (80:58) იგებდა.
GBF.GE