საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯა ფრანგული "ორიაკის" 21 წლის ქართველი მორაგბე ბექა შვანგირაძე. მიზეზი Pro D2-ს გასულ ტურში "ნევერთან" მატჩში უხეშობაა.
იმ შეხვედრის 75-ე წუთზე ქართველი მორამგე მოწინააღმდეგეს თავში დაეჯახა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს სისხლდენა დაეწყო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შედეგად, თამაშის არბიტრმა შვანგირაძეს წითელი ბარათი უჩვენა.
აღნიშნული მომენტი მაღალი რისკის შემცველ ქმედებად შეფასდა და თავდაპირველად, ბექას დასჯას 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით აპირებდნენ, თუმცა, მისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, სასჯელი 5 თამაშამდე შემცირდა, რაც დაახლოებით თვენახევრით უქმობას ნიშნავს.
ბექას მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 3 ლელო ჰქონდა დადებული, ამდენად, ორიაკისთვის მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.