საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკას დაუპირისპირდა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა – 2:1.
ბესო არველაძის გუნდმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრა კარგად დაიწყო და ირაკლი გვეტაძის ძალიან ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ჩვენი ნაკრები დააწინაურა. გუნდმა თავი კარგად დაიცვა და ტაიმი 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმში მექსიკამ აქტიურად დაიწყო და 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ჩვენმა ნაკრებმა მოედნის ცენტრთან საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ლევან სვანიძემ უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს გუნდი ისევ წინ გავიდა – 2:1.
საქართველოს ნაკრებს კონტრშეტევაზე კიდევ სამჯერ შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მექსიკელებს კი ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჩვენი მეკარე კარგად თამაშობდა და საბოლოოდ, ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – ჩვენმა გუნდმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 2:1 დაამარცხა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და პლეიოფში გასვლა გაინაღდა. ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.