ჩემპიონთა ლიგის მთავარი ხიბლი - "შახტარისა" და "ატლეტიკოს" მძიმე მოგება » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ხიბლი - "შახტარისა" და "ატლეტიკოს" მძიმე მოგება

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ხიბლი - "შახტარისა" და "ატლეტიკოს" მძიმე მოგება
5-10-2023, 00:58
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრები H და E ჯგუფებში გაიმართა და პირველი გამარჯვებები იზეიმეს ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის "შახტარმა" და მადრიდის "ატლეტიკომ", მოწინააღმდეგეებს მატჩები "დაუქამბექეს"

უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვან ლეუვენმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ აზაროვი გაამწესა, რომელიც შეუცვლელად ათამაშა, გოჩოლეიშვილი კი სრულად სათადარიგოთა შორის დარჩა.

"ანტვერპენისთვის" ყველაფერი კარგად დაიწყო. ბელგიელები პირველ ნახევარს "შახტარს" ორჯერ გაუტანეს. არტურ ვერმერენმა საგოლე გადაცემით ჯერ არბნორ მუია, მოგვიანებით კი მიშელ ბალიკვიშა მოამარაგა. მარკ ვან ბომელის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა შესვენების შემდეგ მალევე გაფლანგა, 76-ე წუთისთვის კი ანგარიშში სულაც ჩამორჩა. დუბლი დანიილ სიკანმა მიითვალა, კიდევ ერთი გოლი კი იაროსლავ რაკიცკიმ შეაგდო.

"შახტარმა" მოიგო და H ჯგუფში პირველი ქულები მიითვალა. Whoscored-მა ირაკლი აზაროვს 6.94 ქულა დაუწერა, რაც შახტარში მეოთხე უმაღლესი შეფასებაა. ქართველი მცველის ანგარიშზე 3 მნიშვნელოვანი პასია. ამდენი ორივე გუნდში მხოლოდ დანიილ სიკანს ჰქონდა. ამასთან, ირაკლიმ 40 პასი შეასრულა, 83%-იანი სიზუსტით და მოიგო 4 ორთაბრძოლა.

აზაროვი და გოჩოლეიშვილი მე-3 ტურში, 25 ოქტომბერს, სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდებიან.

საკუთარ მოედანზე ორჯერ აგებდა დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი "ატლეტიკო", მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა მოიპოვა. "მეტროპოლიტანოზე" მასპინძლები ანგარიშში თამაშის დასაწყისშივე ჩამორჩნენ. უკვე მე-7 წუთზე ბურთი საკუთარ კარში მარიო ერმოსომ ჩაჭრა, რომელიც ხელის შეშლას აიასე უედასთვის ცდილობდა. თანაგუნდელის შეცდომის გამოსასწორებლად ალვარო მორატას ხუთი წუთი ეყო, რომელსაც გოლი არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მაინც ჩაუთვალა - 1:1.

"ფეიენოორდი" ანგარიშში წინ მეორედ მას შემდეგ გავიდა, რაც სტენგსმა საჯარიმო ბრწყინვალედ შეასრულა და ბურთი ფეხზე დაასვა ჰანცკოს. ობლაკმა პირველი დარტყმა აიღო. მაგრამ სლოვაკის მეორე მცდელობისას ხელი ვეღარ შეუშალა. სტუმართა აშკარა უპირატესობისა და ობლაკის კართან მრავლად შექმნილი მომენტების მიუხედავად, ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა - კომპენსირებულ დროში მადრიდელ გულშემატკივრებს გამარჯების იმედი ანტუან გრიზმანმა ულამაზესი გოლით დაუბრუნა - 2:2

შესვენების შემდეგ მალევე მორატამ დუბლი შეასრულა და გახდა მესამე ესპანელი ფეხბურთელი რაულისა და მორიენტესის შემდეგ, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და პლეი ოფში 25 გოლი აქვს გატანილი. "ატლეტიკომ" ამ მოგებით 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კი 25 ოქტომბერს, სტუმრად გლაზგოში "სელტიკთან" ჩაატარებს. "ფეიენოორდი", რომელსაც 3 ქულა რჩება, ამავე დღეს "ლაციოს" უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი