დვალიშვილს ჩემპიონის ტიტული სურს » სპორტის ხაზი

დვალიშვილს ჩემპიონის ტიტული სურს

დვალიშვილს ჩემპიონის ტიტული სურს
2-09-2023, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა ჩემპიონის ტიტული შონ ო’მალისთან 20 აგვისტოს, ტურნირში UFC 292 წაგებით დათმო.

სტერლინგი მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარია და მათ განაცხადეს, რომ ერთმანეთთან არ იჩხუბებენ. მერაბმა თქვა, რომ მზადაა მოიცადოს და გზა რევანშისთვის ალჯოს დაუთმოს, მაგრამ ასეთი მიდგომა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს ძალიან არ მოსწონს.

თავად შონ ო’მალის რევანშის ორგანიზება ეკვადორელ მარლონ ვერასთან სურს, რომელთანაც ტექნიკური ნოკაუტით თავის დროზე, 2020 წელს დამარცხდა. პრობლემა ისაა, რომ ვერა ამ დროისთვის სუპერმსუბუქ რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.

მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა დანა უაითს და ილაპარაკა შონ ო’მალის განზრახვაზეც ვერასთან ჩხუბთან დაკავშირებით. 32 წლის ქართველი მებრძოლი კატეგიორიულია და აცხადებს, რომ ახლო მომავალში შონმა ჩხუბი ან მასთან, ან ალჯამეინ სტერლინგთან უნდა გამართოს.

"ვერ ვხვდები, რა არის პრობლემა. ალჯამეინ სტერლინგი ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი და სპარინგ-პარტნიორია. ერთად ვვარჯიშობთ, ერთმანეთს ვეხმარებით და ვქომაგობთ. და რატომ უნდა დავუპირისპირდეთ ერთმანეთს? სხვა უამრავი ბიჭი იყო, ვისთანაც ჩხუბი შეგვეძლო, ხოლო როდესაც ალჯო ჩემპიონი გახდა, მე ვიყავი პრეტენდენტი N1, მაგრამ ჩვენ ჩხუბს მაინც სხვებთან ვაგრძელებდით. მოგვიანებით ალჯომ წონის შეცვლაც დააპირა. ვცდილობდით ერთმანეთს ავრიდებოდით.

ჩემი და შონ ო'მალის დაპირისპირება მარკეტინგულად იდეალური იქნებოდა. არის უამრავი მიზეზი, რაც ამ ბრძოლის მიმართ ინტერესს აღძრავს: მე, როგორც სტერლინგის მეგობარი, შურისძიებისთვის ვიბრძოლებ. შონს ოქტაგონზე 2018 წლიდან მოყოლებული ვიწვევ. ასე რომ, UFC ვალდებულია, ან ალჯოს რევანში დაგეგმოს, ან - ჩემი ჩხუბი ო’მალისთან.


"შონი ჩემთან შეხვედრას უნდა განიხილავდეს. რა თქმა უნდა, ადრე მას უწევდა ურეიტინგო მებრძოლებთან დაპირისპირება, მაგრამ დღეს ის ჩემპიონი, დივიზიონის ახალი მეფეა და ვალდებულია, შანსი მომცეს. ტიტულის მთავარი პრეტენდენტი მე ვარ. ზედიზედ მოგებული 9 ორთაბრძოლა მაქვს. თუკი შონს სურს, დაიმსახუროს პატივისცემა. ან მე უნდა მეჩხუბოს, ან რევანშის შანსი მისცეს ალჯოს".


მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლის ბოლოდან გამოდის და მის ანგარიშზე ჩატარებული 11 ბრძოლაა. ქართველ მებრძოლს ზედიზედ 9 გამარჯვება დაუგროვდა. ბოლოს დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. ამის შემდეგ მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.