ამრაბატი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს » სპორტის ხაზი

ამრაბატი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს

ამრაბატი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს
1-09-2023, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

სოფიან ამრაბატი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს, შეთანხმება მიღწეულია.

გარიგება თავდაპირველად იჯარას ითვალისწინებს, შემდგომში გამოსყიდვის პირობით.
ფეხბურთელი მანჩესტერში დღეს გაემგზავრება.

მანჩესტერელებს ეს გარიგება 10 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ, რასაც მომდევნო წლის
მაისში კიდევ მინიმუმ 20 მილიონი ევრო დაემატება.

27 წლის მაროკოელი ჩამშლელი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბს იტალიური
"ფიორენტინადან“ შეუერთდება, სადაც 2020 წლიდან ასპარეზობდა, მთლიანობაში 107
მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა.

"მანიუში“ გადასვლა აფრიკელის დიდი სურვილი იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მან
"წითელი ეშმაკების“ გამო უარი სხვადასხვა პრემიერლიგულ თუ სხვა ტოპ ლიგის
წარმომადგენელს უთხრა.

სოფიანი ნიდერლანდებში, მაროკოელი მშობლების ოჯახში დაიბადა, საფეხბურთო
კარიერაც ნიდერლანდებში დაიწყო. პირველი პროფესიონალური გუნდი, ასაკობრივი გუნდების
შემდეგ ნიდერლანდური "უტრეხტი“ იყო , შემდეგ კარიერა ამავე ქვეყნის მოწინავე
გუნდში, "ფეიენოორდში“ გააგრძელა. მომდევნო ეტაპზე უკვე უცხოეთში, კერძოდ,
ბელგიაში ითამაშა, სადაც "ბრიუგეში“ ასპარეზობდა.

ბელგიაში ამრაბატმა სულ რაღაც 1 წელი დაჰყო და ამის შემდეგ მან კარიერა იტალიაში გააგრძელა,
თავდაპირველად იჯარით "ვერონაში“, ხოლო შემდეგ უკვე აღმოჩნდა იმ კლუბში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარმა ყველაზე მეტად გაიცნო, "ფიორენტინაში“.

ითამაშა ნიდერლანდების 15-წლამდე ნაკრებშიც , მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი
სამშობლოს ღირსების დაცვა და მაროკოს სხვადასხვა ასაკობრივ თუ მთავარ ნაკრებში
დიდი გამოცდილება დააგროვა.

მაროკოს ეროვნულ ნაკრებში ასევე ასპარეზობს სოფიან ამრაბატის ძმა ნორდინ ამრაბატი,
რომელიც პოზიციით მეტად შემტევია და ბერძნული ათენის "აეკის“ რიგებში გამოდის.

ამრაბატმა და მისმა ნაკრებმა გულშემატკივარს თავი
განსაკუთრებით გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაამახსოვრა, სადაც მაროკოელებმა
ბევრისთვის გასაკვირი შედეგი აჩვენეს და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო
ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაშიც სოფიან ამრაბატის წვლილი უდიდესი იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი