გამოცემა infobae-მ დინამო თბილისის ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრე კარასკოს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ესპანელმა სპეციალისტმა ქართულ კლუბში თავის მიზნებზე ისაუბრა.
"ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში მწვრთნელობა პრივილეგიაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი და ახლა ჩემი ოცნება ახდა. ბევრი ფაქტორია. არსებობს ხასიათის პრობლემა. ფეხბურთელების ნაწილს არ აქვს იმედი, რომ საკლუბო დონეზე მნიშვნელოვან მატჩებს მოიგებენ. ასევე, ადგილობრივი ჩემპიონატი არ არის სათანადო დონის და ბევრ გულშემატკივარს არ იზიდავს. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქომაგებმა „დინამოს“ თამაშით კვლავ იამაყონ.
ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ძველი დიდებისგან. თუ მოვახერხებთ ახალი ვარსკვლავების მოყვანას, მოხარული ვიქნები. შევეცდები, აკადემიიდან კარგი ფეხბურთელები პირველ გუნდში დავაწინაურო." - განაცხადა კარასკომ.
ანდრეს კარასკო დინამო თბილისის მეოთხე ესპანელი მწვრთნელია 2011 წლიდან. კატალონიელი ქუვეითის ნაკრების ყოფილი დამრიგებელია და მას თურქეთში, უკრაინასა და ავსტრალიაშიც უმუშავია.