მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ, FIBA-მ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩაატარა. ევრობასკეტის ფინალური ეტაპის 24 ადგილისთვის 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს, მათ შორისაა საქართველო.
საქართველოს ნაკრები წილისყრის წინ მეხუთე კალათაში (სულ რვა კალათა) გახლდათ განთესილი და ცნობილი იყო, რომ მოწინააღმდეგეები პირველი, მეოთხე და მერვე კალათიდან შეხვდებოდნენ.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე G ჯგუფში მოხვდა სერბეთის, ფინეთისა და დანიის ნაკრებებთან ერთად.
ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე სამი ნაკრები გადის. ჩვენს ჯგუფში არის ტურნირის მასპინძელი ფინეთი, რომელსაც ავტომატურად ეკუთვნის ჩემპიონატის საგზური. ასე რომ, ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე, ფინეთის გარდა, ორი საუკეთესო ნაკრები გავა. მაგალითისთვის, თუ ფინეთმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფის პირველ და მესამე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.